ლოკომოტივის ახალი სარაგბო ბაზა საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს

11 Nov 2018 04:45

11 ნოემბერს, 12:00 საათზე დიღომში მდებარე სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე გაიმართება საიუბილეო მატჩი ვეტერან მორაგბეებს შორის. ერთმანეთს შეერკინებიან თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები. აღნიშნულ ინფორმაციას, სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” მესამე ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. მატჩიდან 40 წლის შემდეგ, ამ თარიღის აღსანიშნავად ახლადგახსნილ ბაზაზე მორაგბეები იკრიბებიან.


მატჩს წაუძღვება ყოფილი მორაგბე, ვეტერანი მსაჯი, თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მენეჯერი და ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი 1972 წლიდან, თემურ ჯაფარიძე.


ქართველი მორაგბეები მოედანზე შინდისფერი კვართებით გამოვლენ. ქართველ და ჰოლანდიელ ვეტერანებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო მედლები გადაეცემათ.


კლუბ „ლოკომოტივის“ შემადგენლობა 11 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის:


  • გიორგი კახიანი
  • ბექა ნაცვლიშვილი
  • ბიძინა გეგიძე
  • რეზო ჯავახიშვილი
  • თამაზ ჩადუნელი
  • ბუბა კვინიხიძე
  • ბესო ბერიძე
  • გიორგი ბუგიანიშვილი
  • კახა ალანია
  • ალექსანდრე ღიბრაძე
  • ავთო ღიბრაძე
  • ნიკა ნატროშვილი
  • დათო ცხადაია
  • დემირ ძნელაძე
  • დათო შუბითიძე
  • ჯემალ ბასილაშვილი
  • ირაკლი აბუსერიძე


დიღომში მდებარე ახალი სარაგბო ბაზა სრული აღჭურვილობით და სასტუმრო კომპლექსით თბილისის „ლოკომოტივს“  საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ 2 კვირის წინ გადაეცა.  სწორედ 2 კვირის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ფონდისგან მფლობელობაში სულ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. 3 აახალი სარაგბო კომპლექსის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.


სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. 


ოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა.


ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი) რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.


კომენტარები:

ფართი შოპი