საქართველოს პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრი, მიხეილ ბატიაშვილს, განათლების სისტემაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს

12 Nov 2018 05:07

საქართველოს პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრის პოლიტსაბჭო, საქართველოს  განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ღია წერილით მიმართავს და განათლების სისტემაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მოითხოვს.


"ჩვენთვის გასაგებია, რომ თქვენ მიიღეთ მძიმე მემკვიდრეობა - სტაგნაციაში მყოფი ზოგადი განათლების სისტემა. სისტემა, სადაც ექსმინისტრ თამარ სანიკიძის დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მთლიანად დაანგრია კონსტიტუციური წესრიგი  და სასკოლო განათლება ნეპოტიზმის, პროტექციონიზმის და კორუფციის ჭაობში ჩაძირა! მოქალაქეთა მასობრივი დისკრიმინაცია, პოლიტიკური ნიშნით დევნა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა უსამართლობა სისტემაში ყოველდღიური ცხოვრების ნორმად იქცა და კვლავაც გრძელდება შესაძლოა, თქვენ ზურგს უკან! ჩვენ გამოვხატეთ რა საქართველოს პედაგოგთა ინტერსები, იმთავითვე მივესალმეთ თამარ სანიკიძის, მაია მიმინოშვილისა   და მათი დაჯგუფების  ზოგიერთი  წევრის გათავისუფლებას. ასევე, დადებითად ვაფასებთ მოადგილედ ნათია ზედგენიძის დანიშვნას. გვინდა გვჯეროდეს,  რომ ცვლილებები სასიკეთო იქნება, რომ გაითვალისწინებთ პედაგოგთა სხვა ინტერესებსაც, რომლებზეც ოფიციალურადაც მოგმართეთ, მათ შორის ე.წ. პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ იმასაც, რომ განათლების სისტემაში  სამართლიანობა დამკვიდრდება. სამწუხაროა, რომ ამ და სხვა საკითხებზე ვერ გამონახეთ დრო ჩვენ ხელმძღვანელთან შესახვედრად. ცხადია, მოუცლელობის მომიზეზება არამართებული იქნება, ვფიქრობთ, გარემოცვა უშლის ხელს დიალოგის რეჟიმს.


უდავოა, რომ მცირე საკადრო ცვლილებები  საკმარისი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამნაშავეებს პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროთ და კიდევ იმიტომ, რომ განათლების სამინისტროს სისტემაში დღემდე გადაწყვეტილების მიმღებად რჩება ზემოხსენებული დანაშაულებრივი კლანის ზოგიერთი ოდიოზური წევრი, რომელთაც არანაკლები წვლილი მიუძღვით სისტემის დეგრადაციაში! მათ შორის მთავარ გამორჩეულ ფიგურად თანამდებობას ინარჩუნებს  „სცენარისტი“, საეჭვო კომპეტენციის მქონე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი  დავით ლომინაშვილი. შესაბამისად, არ მთავრდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობაც.  ლომინაშვილი იყო სანიკიძის ყველა დანაშაულებრივი სქემის და სურვილების ლეგიტიმატორი, პედაგოგთა  დაუძინებელი მტერი, პროფესიონალი კადრების დევნის ორგანიზატორი. ყველა ქმედებიდან ირკვევა, რომ მისთვის სამართლიანობა და ადამიანის უფლებები ღირებულება არ არის! ამაზე ახლა უფრო დეტალურად ვისაუბრებთ:


  • ნეპოტიზმის ლეგალიზაცია -  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთა და  საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად  მან აუცილებელ დოკუმენტად მოითხოვა ე. წ სარეკომენდაციო ბარათების წარდგენა, როგორც საკონკურსო დებულებით (კანონქვემდებარე აქტით) გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტი. მართალია, ეს პრაქტიკა მიღებულია დასავლეთის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების  კერძო სტრუქტურებში, მაგრამ ამის მიზანი დასავლეთში გახლავთ საქმიანი თვისებების მქონე პერსონალის სელექცია.  ლომინაშვილის და შესაბამისად ექსმინისტრ სანიკიძის მიზანი გახლდათ დაედგინათ კონკურსანტთა პროტეჟეების „პოლიტიკური წონა“ და გავლენა და ისე მიეღოთ გადაწყვეტილებები. რაც შეასრულეს კიდეც. მათ კონკურსები ჩაატარეს არა კონკურსანტთა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ კონკურსანტთა პროტეჟეებს შორის, მათი პოლიტიკური წონისა და გავლენის მიხედვით! ანუ ლომინაშვილის სცენარით განათლების სისტემაში ნეპოტიზმი, როგორც  სახელმწიფო იდეოლოგია და „რელიგია“ გამყარდა კანონმდებლობით, მოხდა ნეპოტიზმის ლეგალიზაცია, ამან მოიტანა განათლების ხარისხის მკვეთრი ვარდნა და უამრავი ნეგატივი სისტემაში!


  • მასობრივი დისკრიმინაცია - ნეპოტიზმში ჩაფლული მფარველებისგან გათამამებულმა სანიკიძემ და  ლომინაშვილმა დაიწყეს კანონის პირდაპირ მოურიდებლად, უხეშად ფეხქვეშ გათელვა: ლომინაშვილის მომზადებული ანტისახელმწიფოებრივი ბრძანებებით სანიკიძემ კონკურსის გვერდის ავლით საჯარო სკოლების დირექტორებად დანიშნა ათეულობით მოქალაქე. ეს კი გახლავთ მოქალაქეთა მასობრივი დისკრიმინაციის აქტი, რაც ქვეყნის კონსტიტუციის და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ამ მოვლენის სავალალო შედეგია ის, რომ განათლების სამინისტრომ მოქალაქეებში დაკარგა ნდობა და დღეს საჯარო სკოლების მესამედში არასერთიფიცირებული დირექტორები მუშაობენ. მოქალაქეები აღარ მონაწილეობენ კონკურსებში, რადგან იციან, რომ საკუთარი ცოდნით და  უნარით ვერ მიაღწევენ შედეგს და რომ „ჩაწყობების“ და ქრთამის გარეშე არაფერი არ გამოვა!


  • სუბიექტივიზმი - ექსმინისტრ სანიკიძის ხელმძღვანელობით დავით ლომინაშვილმა „გამჭვირვალობის, ობიექტურობის, სამართალიანობის“ პრინციპების ნაცვლად საზოგადოებას შესთავაზა და სისტემაში, როგორც განათლების სისტემის მართვის ფორმა, დაამკვიდრა სუბიექტივიზმი, უსამართლობა და ნეპოტიზმი. ამის დადასტურებაა მის მიერ შექმნილი და დღეს მოქმედი საკონკურსო დებულებები, სადაც განსაზღვრული არარის კონკურსანტთა შეფასებების კრიტერიუმები და გაწყვეტილებები მიღებულია ზემდგომებთან შეთანხმებით კომისიის წევრთა სუბიექტურ განწყობასა და ნება სურვილზე. ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი იყო „ზარდალიშვილის კომისიის“ წევრთა სამარცხვინო შეფასებები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სოციალური ქსელებით. ასეთ ნეპოტისტური პოლიტიკის გამო ჩვენი ხელმძღვანელი დავით ფერაძე პერმანენტულ საპროტესტო აქციას მართავდა თქვენდამი დაქვემდებარებულ სამინისტროსთან, რაც ერთერთი საფუძველი გახდა სანიკიძის მხრიდან მისი დევნისა და რაც დღემდე გრძელდება.


  • პოლიტიკური რეპრესიები და მოქალაქეთა დევნა -  ლომინაშვილი არის ერთერთი ორგანიზატორი მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული უკანონო პოლიტიკური რეპრესიების, რომელსაც აგრძელებს დღესაც. სისხლის სამართლის  დანაშაულის ნიშნები იკვეთება იმაში, რომ სწორედ ლომინაშვილის უშუალო ჩარევით, ერთ წელზე მეტია არ სრულდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სისტემიდან განდევნილი პროფესიონალების სამართლებრივი უფლებამოსილებების აღდგენას. (იხ.დ. მჭედლიშვილის , მ. რამინაშვილის, ნ.                                ბ.ცხვარაძის ქეისები)


  • პედაგოგთა დევნა - სანიკიძის თანხმობით და  ლომინაშვილის ინიცირებით  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელდა დრაკონული ცვლილებები, რითაც  განათლების სამინისტროს და კერძოდ დ. ლომინაშვილს მიეცა  „ურჩ“ პედაგოგთა ჩაგვრისა და დევნის შესაძლებლობა.  კერძოდ: შრომით დავაში სამინისტრო  ორ  სუბიექტს - სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის წარმოადგენს დირექტორის მხარეს. ანუ, ოფიციალურად იცავს დირექტორს! ეს იმ დროს, როდესაც უფლებადარღვეულ პედაგოგს ადვოკატის  დაქირავების ფულიც კი არ აქვს! ხსენებულმა „კანონშემოქმედებმა“ ეს გააკეთეს ურჩი პედაგოგების დასჯისა და დაშინებისთვის, 21-ე საუკუნეში პედაგოგთა კორპუსის მონობის შენარჩუნებისთვის. ამით მივიღეთ მონობის სპეციფიკური ფორმა: პედაგოგს ეკრძალება  საქართველოს კონსიტუციით და ზოგადი განათლების შესახებ კანონით მინიჭებული უფლების გამოხატვის, თავისუფლების რეალიზება სამინისტროს ზონდერჩინოვნიკების მიერ! ამ ფაქტის საუკეთესო დადასტურება გახლავთ ჩვენი ხელმძღვანელის  დავით ფერაძეზე არაერთხელ განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლა და პოლიტიკური დევნა. მის სასამართლოში მხარედ ჩართვა და მოსამართლედ სანიკიძე-ლომინაშვილის ხელქვეითის გამწესება. სწორედ ამ დაუსრულებელი დევნის შედეგად, რომელიც, სამწუხაროდ, თქვენმა მოსვლამაც ვერ შეაჩერა, დავით ფერაძემ დროებით დატოვა საქართველო.


  • კორუფციული სქემები - გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სანიკიძე და მისი ზოგიერთი თანამოაზრე სისტემას ჩამოაშორეთ, ამ ეტაპზე ლომინაშვილი აგრძელებს სამინისტროს ზონდერებთან ერთად საჯარო სკოლების „დახარკვის სქემას“. მოსახლეობამ და სასკოლო საზოგადოებამ  თვალნათლივ ნახა ეს სქემა ტელევიზიით,  რომელიც შოთაძის პროკურატურამ თაროზე შემოდო და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაახსენდება! ის აქტიურად მონაწილეობს სკოლების გავლენის სფეროებად განაწილების პროცესში! მაგალითად, „კრიშავს“ ბულინგისა და ძალადობის დაფარვაში მხილებულ სსიპ  116-ე საჯარო სკოლის  „ღირსეულ„ დირექტორს, იმიტომ რომ ამ დირექტორის მოადგილეა ლომინაშვილის ერთ-ერთი არაკომპეტენტური ახლობელი თუ ნათესავი, შედეგად კი, ლიდერი სკოლა კოტრდება და აუტსაიდერი გახდა! მაგრამ, ეს ვის ადარდებს.


  • კლანურ-მაფიოზური მართვა.  ლომინაშვილის ზურგს უმაგრებს და თქვენ სამინისტროში ისევ რჩება კლანის წევრი, ექსმინისტრ სანიკიძის „დაქალი“ ქეთევან ნატრიაშვილი.   მან არაერთხელ სიამაყით  განაცხადა, რამდენ თავისუფალ მოქალაქეს „მოუგრიხა კისერი“, რომელთაც მათი უმეცარი ხუშტურები არ შეასრულეს და რამდენ „ურჩ“ დირექტორს მიაწება ხალხის  მტრის სახელი! სამწუხაროდ, ამავე „ერთობიდანაა“ თქვენი მოადგილე ირინე აბულაძეც.


  • საქართველოს პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრი მოითხოვს:


  • დაუყოვნებლივ აღადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი განათლების სისტემაში!


  • შეწყვიტოთ მოქალაქეთა უსამართლო დევნა და პოლიტიკური რეპრესიები! სისტემაში დააბრუნოთ კვალიფიციური კადრები, მათ შორის, ჩვენი ხელმძღვანელი, რომელთაც ელოდებიან სასკოლო საზოგადოებები!


  • დაუყოვნებლივ დაითხოვოთ სისტემიდან პედაგოგთა და  დირექტორთა დაუძინებელი მტრები ზემოხსენებული ლომინაშვილი, ნატრიაშვილი (რომელიც პასუხისმგებელია სისტემურ ჩავარდნაზე და დანაშაულებებზე რაც მის პერიოდში  სისტემაში მოხდა) და მათი თანამოაზრენი და დააყენოთ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.


  • დაუყოვნებლივ განიხილოთ და შეასრულოთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ის მოთხოვნები, რომელიც ეხება ე.წ. პროფესიული განვითარების სქემის შეჩერებას.


  • თუ თქვენ ერთი კვირის ვადაში არ შეისმენთ საზოგადოების  ხმას და არ მოახდენთ რეაგირებას ჩვენ მიმართვაზე, მაშინ ჩავთვლით, რომ  თქვენც აგრძელებთ წინამორბედთა მსგავს პოლიტიკას და ხელს აფარებთ განათლების სამინისტროს სისტემაში მაფიოზურ - კლანურ მმართველობას!  ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით მოვძებნოთ სისტემის გახრწნისგან ამოყვანის სხვა გზები, რადგან კანონის ნაცვლად განათლების სისტემის  მაფიოზურ-კლანური სისტემით მართვა  არის განათლების კრახი! განათლების სისტემის  კრახი კი არის ერის კრახი!


      მართალია, მაქსიმალურად თავს ვიკავებთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან, რადგან ვერცერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ ვხედავთ განათლებისადმი პრიორიტეტულ მიდგომას და პედაგოგთა მხარდაჭერის რეალურ მზადყოფნას, მაგრამ თქვენი უმოქმედობა და დიალოგის მიუღებლობა გვაიძულებს არცთუ ადვილ გადაწყვეტილებამდე მისვლას - გადავდგათ პოლიტიკური ნაბიჯი, რაც გულისხმობს ჩვენი კონცეფციებით  გაერთიანებულ ოპოზიციასთან გაერთიანების განხილვას.    როგორც პედაგოგთა უფლებების დამცველი ჯგუფი, ამ გზით მივაღწევთ პედაგოგთა კორპუსის აქტიურ მობილიზაციას, რათა რჩევნების გზით შეგასმინოთ  მოთხოვნები."- ნათქვამია მიმართვაში.

 



კომენტარები:

ფართი შოპი