ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

14 Nov 2018 02:54

წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.


როგორც ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, ხარისხიანი განათლების მიღება და ადამიანის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება თანამედროვე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, მხარეებს შორის ერთობლივი შეთანხმებით და კომუნიკაციით, წიგნებზე, პერიოდულ გამოცემებზე, კარტოგრაფიულ მასალებზე, დისერტაციებზე, რეფერატებზე, საარქივო დოკუმენტებზე და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ სხვა მატერიალურ რესურსებზე ელექტრონულად წვდომა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად უმნიშვნელოვანესია.


მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს როგორც სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაცია-ხელშეწყობას, ასევე ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული გამოცემების, დისერტაციებისა და რეფერატების, საარქივო დოკუმენტების, გაზეთისა და ჟურნალის სტატიების, სანოტო და აუდიო გამოცემებისა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა მატერიალური რესურსების ციფრული ვერსიების შექმნას, ციფრული ბიბლიოთეკის დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ა. შ.


მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შედის, თუმცა მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე მხარეებს ასევე უფლება აქვთ დამატებითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები გააფორმონ.


კომენტარები:

ფართი შოპი