"2019 წელს თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება, ხოლო განათლების დაფინანსებას 159 მილიონი ლარი მოხმარდება," - ირაკლი ზარქუა

17 Nov 2018 01:08

"2019 წელს თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება, ხოლო განათლების დაფინანსებას 159 მილიონი ლარი მოხმარდება," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაცია გააცნო საზოგადოებას. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა განსახილველად.


წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. 2019 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.


რაც შეეხება პრიორიტეტებს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას:


ატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 174 მილიონი ლარი.


ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.


კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი.


კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.


განათლების დაფინანსებას მომავალ წელს 159 მილიონი ლარი მოხმარდება, რომლითაც იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება 36 მილიონით, ასევე თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება.


როგორც საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით.


საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ არ მოჰყვეს ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, ამ ხარჯებიდან მნიშვნელოვანი წილი 13 მილიონი ხმარდება ავტობუსების შეძენისთვის აღებული სესხის მომსახურებას. იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლიც და პროექტით შეადგენს 86 მილიონ ლარს. ცალსახად  მინდა აღვნიშნო, რომ მატება არ ეხება არც მერის, არც მისი მოადგილეების, არც ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის და არც საკრებულოს წევრების ხელფასებს. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ასანაზღაურებლად,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 


როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, გადამუშავების პროცესში გარკვეული კორექტირებები იქნება შეტანილი პროექტში და საკრებულოს რეკომენდაციები მერიას ეცნობება.


კომენტარები:

ფართი შოპი