განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს

21 Nov 2018 05:37

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტებს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის.


მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც რეგიონალური  ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს:


„ერთობლივად შემუშავებული  ყველა ინოვაციური პროექტი  უახლოეს მომავალში დაიწყება  და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, არდგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“ -განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ინოვაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზეც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის ფარგლებში განხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურიზმის სფეროში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციების ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე, ერთობლივი კლასტერების შექმნასა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე.


კომენტარები:

ფართი შოპი