"2018 წელს განახლებული ტელევიზია იქნება, 2020 წელს - ახალი ტელევიზია... თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, შეუძლია ჰქონდეს!"

04 Jul 2017 17:49

„2018 წელს გვექნება მნიშვნელოვნად განახლებული ტელევიზია, 2020 წელს - ფაქტობრივად ახალი ტელევიზია, წელს საინტერესო ვებ-გვერდს გავუშვებთ ონლაინ, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი იქნება და ამაში თავად დარწმუნდებით", - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ სტუდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მაუწყებლის მენეჯმენტთან ერთად, მაუწყებლის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარადგინა.


გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, მაუწყებლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ოთხწლიან გეგმაზე მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოსთან ერთად ბოლო პერიოდში მუშაობდა.


„ამაზე მუშაობა დაწყებული ჯერ კიდევ მანამდე იყო და სამეურვეო საბჭოს მხრიდან დავალებები იყო გაცემული. ეს იდეები ბოლო სამ თვეში არ გაჩენილა. ჩვენ უახლოესი გეგმა წარმოგიდგინეთ", - აღნიშნა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.


ვასილ მაღლაფერიძემ ტექნიკური გადაიარაღებისთვის საჭირო თანხებსა და ახალი და მოქმედი შენობების რემონტისთვის გაწეული ხარჯების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.


„ეს ის ღონისძიებებია, რომელიც 2017 წელს განხორციელდება. ორი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სხვა ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რომელიც იმ ფასებს აჩვენებს, რომლითაც ტენდერი გამოცხადდება, შემდეგ საბოლოო ფასი დადგინდება. 2017 წელს განსახორციელებელი პროექტების საპროგნოზო ღირებულება შეიძლება იყო დაახლოებით 15 მილიონი დოლარი ან ცოტა მეტი. ეს კრედიტის აღებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით შესაბამის საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ, რომ ეს მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ორგანიზაციისთვის", - აცხადებს მაღლაფერიძე.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტების სამუშაო პირობებზეც გაამახვილა ყურადღება.


„არ მაგონდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში კითხვა დასმულიყო, რატომ არ ხდებოდა მაუწყებლის გადაიარაღება და რატომ იხარჯებოდა თანხა?!  უფრო მეტიც,  არ ისმოდა კითხვა, მათ შორის კოლეგების მხრიდან, რატომ მუშაობდნენ ჟურნალისტები  არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში?! გადაიარაღება, ახალ ნიუსრუმზე მუშაობა ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო. თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ ტელევიზიას სამეურვეო საბჭო და მენეჯმენტი იმიტომ ჰყავს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. დიახ, ხარჯი გაიწევა, რომ ჩვენი ჟურნალისტები ღირსეულ პირობებში იყვნენ და უფრო მეტიც, მათ ღირსეული გადაადგილების საშუალება, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ. ვფიქრობ, რომ ვინც ნამდვილად გულშემატკივარია, ამას უნდა მიესალმოს", - განაცხადა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.


ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებელში კადრებისა და გადაცემების რაოდენობის შესაძლო შემცირების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.


„თქვენ გახსოვთ, რომ ეს გეგმა კორექტირებულია და იმ გზით წავედით, რომელიც დამტკიცდა და ეს საჯაროდ მოხდა. ჩვენ იმ გზით არ წავედით, რაც მაშინ ეკონომიას გულისხმობდა. ჩვენი თვითმიზანი ეკონომია არასოდეს ყოფილა და არც ახლა იქნება. ეკონომია საჭიროა იმისთვის, რომ ტელევიზია გაიმართოს. საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რომელი გადაცემები რჩება, რა დაემატება, რა გეგმებია. მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, რა პროექტთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, ჩვენი გადაცემები და გეგმები ამ პროექტს მიჰყვება, რადგან ეს ტექნიკურ მოწყობას ითვალისწინებს", - განაცხადა მაღლაფერიძემ.


მისივე თქმით, არსებობდა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის პოლიტიკური, რომელსაც არ სურდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხზე დამდგარიყო.


„ეს შეიძლება დღესაც იწვევს  მათ უკმაყოფილებას, მაგრამ გარწმუნებთ,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხზე დადგება. ტექნიკური გადაიარაღების ერთ-ერთი საფუძველიც ეს არის", - აღნიშნა მაღლაფერიძემ.


„ეს არის ჩვენი გეგმა, ამით ვიმოქმედებთ და 2018 წელს მნიშვნელოვნად განახლებული ტელევიზია იქნება, 2020 წელს - ფაქტობრივად ახალი ტელევიზია,  წელს  კი ძალიან საინტერესო ვებ-გვერდს გავუშვებთ ონლაინ, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი იქნება და ამაში თავად დარწმუნდებით. ცხადია, ეს გეგმა გზადაგზა კორექტირებას განიცდის. ბუნებრივია, ზოგიერთის ვადამ შეიძლება გადაიწიოს, გადმოიწიოს და უფრო დაკონკრეტდეს. კიდევ ბევრ ხარჯს გავწევთ, რათა ტელევიზია ფეხზე დადგეს", - განაცხადა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.


მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიაში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეულ პირობებს შეუქმნიან.


„დიახ, კიდევ გიმეორებთ, როგორც არ უნდა გული წყდებოდეს ვიღაცას, ან მწარედ ეღიმებოდეს, ანდა მიამიტურად და სიყვარულით, ან იქედნურად, გეტყვით - დიახ, ეს ჟურნალისტები ღირსეულ პირობებში იმუშავებენ, ღირსეულად გადაადგილდებიან, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ და ძალიან ღირსეულ პროდუქტს დადებენ, რომელიც ჩვენს მაყურებელს სჭირდება. არ იქნება ტენდენციური, ეს საქართველოში ერთადერთი მაუწყებელია, რომელსაც პოლიტიკური და კერძო ინტერესები უკან არ უდგას. ყველა სხვას პოლიტიკური და კერძო ინტერესები აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კი საზოგადოების ინტერესები ამოძრავებთ", - დასძინა მაღლაფერიძემ.


წყარო: 1TV

 


კომენტარები:

ფართი შოპი