ნოდარ ხადური OECD-ის კონკურენციის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

30 Nov 2018 18:46

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დელეგაცია, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის გლობალური ფორუმის მე-17 შეხვედრაში მონაწილეობს. ფორუმს ხელმძღვანელობენ OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი და ევროკომისიის გენერალური დირექტორი კონკურენციის დარგში, იოჰანეს ლეიტენბერგერი. ღონისძიებაზე სპეციალური მოხსენებით გამოვიდა ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში, მარგრეტ ვესტაგერი.


ფორუმის ფარგლებში, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება, შემდეგი ძირითადი თემები განიხილება: როგორ უწყობს ხელს კონკურენცია სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას; კონკურენცია და სახელწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები; რეგიონული შეთანხმებები; ინფორმაციის გამოთხოვის  მექანიზმები, პროცედურული სამართლიანობის, მხარეთა უფებების დაცვის გარანტიები და ა.შ. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ექსპერტებისგან მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და იმსჯელონ კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად განხორცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.


ფორუმის ფარგლებში, ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო OECD-ისა და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა შეხვედრაში. ასევე შედგა სააგენტოს თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, უკრაინის კონკურენციის ორგანოთა პირველ პირებთან, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ - ვილიამ კოვაჩიჩთან, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელ პირებთან - ფრედერიკ ჯენისთან, ანტონიო გომესთან და საბინე ზიგელსკისთან.


ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში - კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში მრავალმხრივი ჩარჩო შეთანხმების შემუშავების თაობაზე.


ფორუმს  ასევე ესწრებიან სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე,   ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე და 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით ხორციელდება.

 


კომენტარები:

ფართი შოპი