"ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა და დაშინება, ქურდული სამყაროს მობილიზება, სუს-ისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ფაქტობრივი შერწყმა..."- ჭავჭავაძის ცენტრის განცხადება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

30 Nov 2018 18:53

ჭავჭავაძის ცენტრის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:



"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და, განსაკუთრებით, მისი მეორე ტური, წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის. ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, სუს-ისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ფაქტობრივი შერწყმა „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურებთან, ქურდული სამყაროს მობილიზება ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის დაშინებისა და ნების კონტროლის მიზნით, არჩევნების ფარულობის დარღვევა, ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენება, საარჩევნო „კარუსელები“, ფინანსური რესურსის უკიდურესი დისბალანსი - ის ფუნდამენტური პრობლემები თუ მძიმე კანონდარღვევებია, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე და ეჭვის ქვეშ დააყენა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.

 

განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ არჩევნების მოსაგებად, ხელისუფლება დაეყრდნო საქართველოში მოქმედ პრაქტიკულად ყველა ღიად ანტიდასავლურ ძალას, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ძალებთან სტრატეგიული ერთიანობა. თუ 2012 წელს მხოლოდ ირიბად შეიძლებოდა საუბარი ოლიგარქის გარშემო შეკრებილი კოალიციის შესაძლო პრორუსულობაზე, დღეს ეჭვგარეშეა, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ხელისუფლების ძირითადი საყრდენი სწორედ რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი, ანტი-დასავლური ძალებია.

 

იმ კანდიდატის გაპრეზიდენტება, რომლის რიტორიკა ხშირად იდენტურია ოფიციალური კრემლის რიტორიკისა, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებს ქართულ სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია პროდასავლური ძალების შემდგომი კონსოლიდაცია, რათა არ დავუშვათ ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი ხელყოფა, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში გავთავისუფლდეთ ოლიგარქიული ფაქტორისგან და დავაყენოთ ჩვენი სახელწიფო ჯანსაღი დემოკრატიული განვითარების გზაზე. 

 

მივმართავთ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და გვერდში დაუდგეს პროდასავლურ ძალებს, რომლებიც მუდმივი დარტყმის ქვეშ იმყოფებიან ხელისუფლების მხრიდან, იქნება ეს პოლიტიკურ სპექტრში, არასამთავრობო სექტორსა თუ მედიაში."- ნათქვამია განცხადებაში.



ცენტრის შესახებ

 „ჭავჭავაძის ცენტრი“ ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოში.ცენტრის გრძელვადიანი ხედვაა საქართველოს ფუნდამენტური ტრანსფორმაცია  მოქალაქეობრივი განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით.  ცენტრი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და პოლიტიკური პროცესების რაციონალიზაციას, ასევე, მემარჯვენე-ცენტრისტული იდეებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერას.

ცენტრის დამფუძნებლები არიან: ზაზა ბიბილაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, ნინო კალანდაძე, სანდრო ბიბილაშვილი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი