"ნეტა კობა დავითაშვილმა თუ იცის, როგორ შეცვალა ელიავას ბაზრობის ერთი რიგის ცხოვრება იმ საბედისწერო ინცინდენტმა" - ამბავი "ელიავას ბაზრობიდან"

30 Nov 2018 22:37

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი რუსუდან ძნელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:



"ელიავას ბაზრობა. წვიმს. ცივა. მე ბაზრობის ტერიტორიაზე ვარ. პატარა ფარდულს შევეფარე.მივხვდი,რომ ბედმა გამღიმა. ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც მიზანს ავისრულებ. ფარდულის მეპატრონე კიბეზე დგას და სხვენში რაღაცას ეძებს.


-რა გნებავთ ტყუილად არ ჩამომიყვანო, ფეხი მტივა, მიჭირს კიბეზე ჩამოსვლა.


მე ვეუბნები რაც მჭირდება და ისიც ეშვება თავისი წილი გოლგოთიდან.


საფეხურ-საფეხურ მოდის და თან მიშას აგინებს. გამეცინა. ბოლო საფეხურზე გაჩერდა, შემომხედა და გაბრაზებული მეკითხება: რა გაცინებს? ახლა არ მითხრა რომ მიშას მიეცი ხმა. თუ ასეა გადი ამ მაღაზიიდან , მაინც არაფერს მოგყიდი!


-არა, ბატონო, მე ანარქისტი ვარ, ვეუბნები. ფარდულის პატრონი ეჭვით მიყურებს, ადგილიდან არ იძვრის და გაბზარული ხმით მეუბნება - შენ იცი, ზუსტად მანდ, სადაც დგახარ, მიშას სპეცრაზმელებმა კობა დავითაშვილი ცემეს, ჩვენს თვალწინ კლავდნენ კაცს, გამოვცვივდით დასახმარებლად, მე ფეხი მოტეხეს, ჩემ მეზობლებს ისე დაამტვრიეს თავ-პირი, ოთხი მათგანი იმ დღის შემდეგ, აქ ვეღარ მუშაობს, ეს ფეხიც იმ დღის საჩუქარია.


-ძალიან ვწუხვარ, ვეუბნები, მაგრამ ასეთ ცუდ ამინდში აქ რომ მოვედი, ე.ი. ძლაინ მჭირდება და ეგებ დამეხმაროთ და მომყიდოთ...


- შენ არ გესმის, რას გეუბნები?აქ ჩვენ თვალწინ კაცი კინაღამ მოკლეს, ხეიბრად აქციეს, შენ კიდე რაებს ბოდავ, რა ანარქია, ვის აშაყირებ. გამყიდველს ბრაზი ემატება და მისი ემოციური ფონიც აშკარად მძიმდება. აჯობებს გავიდე და გზა გავაგრძელო.


- მოიცა! მეძახის, ამ რიგში შენნაირს არავინ არაფერს მიყიდის. სხვა რიგში გადადი! მინდა ვიკითხო - მაინც რანაირს? ის ისევ აღელვებული აგრძელებს - ამ მაღაზიის წინ კინაღამ მოკლეს კაცი, ამას აქ ვერავინ ივიწყებს! დღეს რომ არაფერი გავყიდო, კაცობას მაინც არ გავყიდი შენნაირ ანარქისტებზე!


გამოვდივარ. ისევ საშინლად წვიმს. ვფიქრობ, ნეტა კობა დავითაშვილმა თუ იცის, როგორ შეცვალა ელიავას ბაზრობის ერთი რიგის ცხოვრება იმ საბედისწერო ინცინდენტმა, როგორ თანაუგრძნობს ის ერთი კაცი მის დრამას. როგორი სწორი იყო გამყიდვლის გადაწყვეტილება, მე რომ არაფერი მომყიდა....რა უცნაურია ეს პატარა ქვეყანა...! ვითომ ფულზე იყიდება?! არა, ნამდვილად არა!" - წერს იგი.


P.S. ვიცი და არ ვივიწყებ მაგ ხალხს! როცა წელს ელიავას მოვაჭრეებს აყრას უპირებდნენ, აი ასე დავუდექი გვერდით-


Koba Davitashvili

6 ივლისი

,,ვინც დღეს სისხლს დაღვრის ჩემთან ერთად, ჩემი ძმა არის“

უილიამ შექსპირი „ჰენრი მეხუთე“


ჰენრი მეხუთემ ეს სიტყვა აზენკურის ბრძოლის წინ წარმოთქვა 1415 წლის 25 ოქტომბერს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ ძველი სტილი(იულიანური კალენდარი) მოქმედებდა, დღეს ახალი სტილით (გრიგორიანული კალენდრით) ეს დღე ზუსტად 7 ნოემბერს ემთხვევა!


თბილისის გენერალური გეგმის განხილვის დროს დაისვა საკითხი ელიავას ბაზრობის ქალაქის გარეუბანში გადატანის თაობაზე! მივიჩნევ რომ ბაზრობის მესაკუთრეთა გარდა (რომელთა ბედი ნაკლებად მაღელვებს) საკითხის ასეთი გადაწყვეტა შელახავს იმ ათასობით წვრილი მოვაჭრის უფლებებს, რომელთა ერთადერთი საარსებო წყარო ბაზრობაზე ვაჭრობაა.

მე ეგ მოვაჭრეები ბრძოლაში მინახავს, რუსთაველის „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართო“ მაგათზე არ დასტურდება. სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ რამ აქცია წარმატებული და შედეგიანი ყოფილა, მაგათი აქციები იყო, მე მიმყავდა და ვიცი. ირინა ენუქიძის დაძახილზეც პირველ აქციაზე, როცა სხვა ხალხი ას კაცამდე იყო სულ, ბაზრობების ათასობით მოვაჭრემ გაავსო კანცელარიის წინ მოედანი.

7 ნოემბერს მაგ ხალხმა ჩემთან ერთად იბრძოლა მაგ ბაზრობაზე და სისხლიც ერთად გვაქვს დანთხეული, ასე რომ თუ მათი უფლებები შეილახა, მე მაგათ გვერდით დავდგები! ყველას შევახსენებ, რომ მე ზვიად კუპრავა არა ვარ და ვარ კობა დავითაშვილი!

თუ ვინმე სთავაზობს მათ გარეუბანში გადასვლას, ჯერ თვითონ გადაცვალოს ბინა ცენტრიდან იმავე გარეუბანში! და თუ არავის სურს გარეუბანში გადასვლა მოვაჭრეთათვის მაგალითის მისაცემად, მაშინ ადგილზე მოაწყონ კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრი და მოვაჭრეებსაც შეუნარჩუნონ საარსებო წყარო!

თუ ვინმე მომიგებს, რომ სხვათა უფლებებიც უნდა დავიცვა, ჩემი პასუხი ასეთია-მე იმათ უფლებებს დავიცავ, ვინც ჩემს სიცოცხლეს იცავდა, როცა ელიავას ბაზრობაზე მკლავდნენ! სხვების უფლებები სხვებმა დაიცვან!

ჩემთვის 7 ნოემბერს თანამებრძოლეობა ბევრ რამეს ნიშნავს, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით! მე ჩემი მითქვამს! აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!

P.S. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო!"


კომენტარები:

ფართი შოპი