თბილისის საკრებულოში ღონისძიება „ამბები ძლიერ ქალებზე“ გაიმართა

02 Dec 2018 05:15

თბილისის საკრებულოში პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ გაიმართა, რომელიც ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს ტარდება. პროექტის ავტორია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.


1 დეკემბერის ღონისძიების თემა იყო „ამბები ძლიერ ქალებზე“, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და კავშირის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარემ, ფილოსოფოსმა, პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა წარადგინეს. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები ნინო ლაცაბიძე და ქეთევან მამულაშვილი, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრი ქალები ესწრებოდნენ.


როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, ნიშანდობლივია, რომ 2018 წლის ბოლო თემა სწორედ ქალებს ეძღვნებათ. მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება გამოხმაურებაა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიისა, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.


„ყოველი თვის პირველ შაბათს თბილისის საკრებულოს კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს და უყვარს თბილისი. დღევანდელი თემა გამოხმაურებაა იმ რეალობისა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ახალ ერაში გადავდივართ, როდესაც ისტორიამ ქალები უნდა დაინახოს და წლის ბოლო ღონისძიება სწორედ ძლიერ ქალებს მივუძღვენით,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.


შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, სადაც პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა მე-19 საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე ქალების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართულ კულტურაში, პოლიტიკურ და საზოგადო ცხოვრებაში. მან ყურადღება გაამახვილა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრ ქალებზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ანასტასია წერეთლზე და ეკატერინე მესხზე, მათ მოღვაწეობაზე და საზოგადოებრივ საქმიანობაზე. ლელა გაფრინდაშვილმა ვრცლად ისაუბრა ასევე ბარბარე ჯორჯაძეზე, რომელიც მისი თქმით, იყო პირველი პოლემისტი, დრამატურგი და ფემინისტი ქალი საქართველოში.


ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის დარბაზში, თემასთან დაკავშირებით, მოეწყო სხვადასხვა დროს მოღვაწე, ქალთა უფლებების დამცველი და 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრ ქალთა ფოტო-გამოფენა.


კომენტარები:

ფართი შოპი