ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის მისაღები ტურნირები ძიუდოსა და ჭიდაობაში

04 Dec 2018 07:07

2018 წლის 4 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ოლიმპიურ ცენტრში ახალგაზრდა სპორტსმენთა მისაღებ ღია პირველობებს გამართავს.



მისაღები შეჯიბრები ძიუდოში, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდება 13 დან 16 წლამდე მოზარდებს შორის.


ღონისძიებების მიზანი განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა სპორტსმენების შერჩევაა. ჩემპიონატზე აღმოჩენილი ტალანტები ოლიმპიურ ცენტრში ჩაირიცხებიან და გაუმჯობესებული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში უკვე მკვეთრად გაუმჯობესდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის ყოფითი პირობები, ასევე ცენტრში მცხოვრებ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გადაეცემათ ახლადშეძენილი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდირებული სპორტული ეკიპირება.  



იცვლება სპორტსმენთა კვების რაციონი, რომელიც ნუტრიციოლოგ ქეთევან ბერიძის მიერ განსაზღვრული სპეციალური მენიუს მიხედვით იქნება შედგენილი.


ოლიმპიურ ცენტრში უფრო მეტად იქნება დაცული სპორტსმენთა უსაფრთხოება - ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საშვთა სისტემით, რაც ნიშნავს, რომ საწვრთნელ პროცესსა და ტერიტორიაზე გადაადგილების დაშვება მკაცრ შინაგანაწესს დაექვემდებარება.


აღნიშნული პირობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სპორტსმენების ფიზიკურ განვითარებასა და სპორტულ წინსვლას.


ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობა და სპორტული განყოფილება მოუწოდებს ძიუდოსა და ჭიდაობის სახეობებში დასაქმებულ კლუბებსა და მწვრთნელებს მაქსიმალურად უზრუნველყონ შესარჩევ ტურნირებში სპორტსმენთა მონაწილეობა.



4-5 დეკემბერი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ღია  პირველობა ძიუდოში;

4 დეკემბერი - 2002-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის;

5 დეკემბერი - 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

6-7 დეკემბერი - მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2002-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

15-16 დეკემბერი - შოთა ლომიძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.


კომენტარები:

ფართი შოპი