მომავლის ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის დახმარებით ინერგება - ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

05 Dec 2018 05:54

საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დაფინანსებით ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა.


ლაბორატორია საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელმა, მაკა ასათიანმა, Daimler AG-ის (Mercedes Benz) მოწვეულმა სტუმრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ ერთობლივად გახსნეს.


ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განთავსდა და განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პროექტებზე იმუშავებს. BTU-ს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მსოფლიოს წამყვან IT კომპანიებთან ერთად ითანამშრომლონ და მათთვის საინტერესო პროდუქტები განავითარონ.


უნივერსიტეტში უკვე ინიცირებული პროექტები - ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, მედიცინაში, ტურიზმში, მარკეტინგში, სტარტაპებში, ინჟინერიაში - ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელზეც მსხვილ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უნივერსიტეტის სპეციალისტები იმუშავებენ. ინოვაციური კვლევითი ლაბორატორიები Mercedes Benz-ს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია სწორად BTU-ში გაიხსნება. ეს უნივერსიტეტის კორპორაციულ სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პოლიტიკის შედეგია.


ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიაა, რომელიც ეტაპობრივად ინტეგრირდება ყველა წამყვან ინდუსტრიაში. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებას.


მაკა ასათიანის განცხადებით, „ლაბორატორიაში ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება განვითარდნენ და განახორციელონ ინოვაციური პროდუქტები. მსგავსი ტიპის პროექტებში Mercedes-ის სახელით, მომავალ პროექტებშიც მივიღებთ მონაწილეობას და ჩავერთვებით, რადგან ამ დარგის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“.


კომენტარები:

ფართი შოპი