მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან, 1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ.სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
