„ათი თვის ბავშვი ფეხებით დაჰკიდეს და მშობლებს ემუქრებოდნენ - მოვკლავთ, თუ არ გვეტყვით, სად არიანო.."

08 Dec 2018 03:17

მუხროვანის ამბოხად მონათლული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ყოფილი პოლიტპატიმარი და თადარიგის პოლკოვნიკი კობა ოთანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მისი დაკავების დეტალებს იხსენებს. როგორც ოთანაძე ამბობს, სააკაშვილს შეთავაზებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სიით ეყარა კენჭი, უარი უთხრა და მას შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა.

 

 

„ყველამ იცოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ვერ ვიტანდით. მას ადრინდელი ბოღმაც ჰქონდა და შესაფერისი მომენტი სათავისოდ გამოიყენა. ჯერ კიდევ 2003 წლის არჩევნების დროს მთხოვდა, ნაციონალების სიით კენჭი მეყარა, მაგრამ უარი ვუთხარი. პირველად ჩვენს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, თანამდებობიდან გადამაყენა. მოგვიანებითაც სცადა ჩემი დაყოლიება - თანამდებობას მთავაზობდა, მაგრამ ვიღაცებმა ცუდი ენები მიუტანეს და ამის შემდეგ საერთოდ მომიწია ქვეყნიდან წასვლა. პირდაპირ გამაფრთხილეს - საქართველოდან თუ არ წახვალთ, დაგიჭერთო", - განაცხადა ოთანაძემ.

 

 

ყოფილი პოლიტპატიმარი ამბობს, რომ მისი ძებნის დროს მთელი სანათესვო აიყვანეს და ყველანაირი გზით ცდილობდნენ მისი ადგილსამყოფელის დადგენას. ოთანაძე დასძენს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამ იგი გადაარჩინა.


„ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, ვერ გავთვალეთ, რომ შესაძლებელი იყო, გავეყიდეთ. თითქმის 20 დღე ტყე-ღრე დავხეტიალობდით და წესიერად ვერ ვაზროვნებდით. სიმართლე გითხრათ, არც გვიფიქრია, ასე უმოწყალოდ თუ გაგვიმეტებდნენ.

 

ჩვენი ძებნის პერიოდში, ფაქტობრივად, მთელი ჩემი სანათესავო აიყვანეს. ძმა დაიჭირეს. მამიდაშვილის ათი თვის ბავშვი ფეხებით დაჰკიდეს და მშობლებს ემუქრებოდნენ - მოვკლავთ, თუ არ გვეტყვით, სად არიანო...

 

სპეცოპერაციის დროს შემთხვევით გადავრჩი. მთლიანად დაგლეჯილი ვიყავი, არცერთი ორგანო არ მქონდა წესრიგში.

 

გონზე წესიერად არ ვიყავი მოსული, ფურცლებით დამადგნენ თავზე და აღიარებას მთხოვდნენ. ერთ დღეს 20-მდე კაცი ვიდეოკამერით შემოვარდა ოთახში და ჩემგან დადებითი პასუხი რომ ვერ მიიღეს, ძალადობაზე გადავიდნენ - ლოგინიდან გადმოგდებულს ჭრილობები გამეხსნა და ექიმი ქალბატონი რომ არ დამხმარებოდა, არ ვიცი, რა მომივიდოდა.

 

2 წელი და ორი თვე მარტოდმარტო ვიყავი საკანში, არც ტელევიზორი მქონდა, არც წიგნი... მერე გლდანიდან მეექვსეში გადამიყვანეს და მხოლოდ „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამ მიშველა... შეუძლებელია, ეს ყველაფერი შერჩეს სააკაშვილს. მოვა დრო და ამისთვის პასუხს აგებს!" - განაცხადა კობა ოთანაძემ. 


 qartuliazri.ge


კომენტარები:

ფართი შოპი