გოგონა, რომელმაც ქუჩაში ნაპოვნი 37 000 დოლარი პატრონს დაუბრუნა, სომხეთის ელჩმა მიიღო

10 Dec 2018 08:17

უჩვეულო ისტორია გრძელდება - გოგონა, რომელმაც თბილისში მეგობართან ერთად ქუჩაში სეირნობისას 37 000 დოლარი იპოვა და მაშინვე პოლიციის დახმარებით მფლობელს დაუბრუნა, საქართველოში სომხეთის ელჩმა მიიღო. ელჩმა რუბენ სადოიანმა მადლობა გადაუხადა გოგონას პატიოსნებისთვის, კეთილსინდისიერებისთვისა და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის.


კარინე ბაკირიანი, რომელმაც ქუჩაში ნაპოვნი 37 ათასი დოლარი პატრონს დაუბრუნა, სამცხე ჯავახეთიდანაა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსზე სწავლობს. საქართველოში სომხეთის ელჩმა მასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის გადადგმის ფაქტი ცხადყოფს - პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში.


ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.


სადოიანთან შეხვედრისას კარინემ მადლობა გადაუხადა ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის.


შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს უნივერსიტეტიდან მომავალმა 21 წლის სტუდენტმა კარინე სადოანმა სრულიად შემთხვევით ქუჩაში დაინახა ლამაზი ხე, რომლისთვისაც სურათის გადაღება გადაწყვიტა:


„როდესაც მივუახლოვდი, დავინახე თეთრი პარკი, რომელშიც რაღაც იყო გახვეული. ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფული დამხვდებიდა. მეც და ჩემი კურსელიც შოკში ვიყავით, მაგრამ მალევე ვაცნობეთ პოლიციას", - განაცხადა უჩვეულო ისტორიის გმირმა კარინე ბაკირიანმა „სპუტნიკთან" საუბრისას.


გოგონებმა ფულის გარდა პარკში აღმოაჩინეს ჩეკი, რომლის მეშვეობითაც პოლიციას გაუმარტივდა "დაბნეული" მფლობელის პოვნა.


ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი