ძაღლის ჯაჭვით ჩამომხრჩვალი 25 წლის გოგოს ტრაგედიაზე "ალია" გვიამბობს...

05 Jul 2017 03:23

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 25 წლის ანა ლომაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სხდომა ბრალდებულის მხარის მოთხოვნით, დახურული იყო. თუმცა, დღის ბოლოს ,,ალიასთვის” საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი. 


შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ვარკეთილში საზარელი შემთხვევა მოხდა, ერთი ვერსიით , ანა ლომაშვილი ყოფილი მეუღლის სახლში დილს 5 საათზე, აბაზანაში ძაღლის ჯაჭვით ჩამომხრჩვალი იპოვნეს. თავდაპირველად, თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია მიენიჭა საქმეს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები მაშინვე ანა ლომაშვილის მკვლელობაზე ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ მიცვალებულს სხეულზე ცემის და წამების კვალი ეტყობოდა, შუბლის მხარე ჩატეხილი ჰქონდა. ალიასთან საუბარში „სოლიდარობის სახლის“ დირექტორი თამარ ლომიშვილი მაშინ ,,ალიასთან” აცხადებდა, რომ პანაშვიდზე მისულებს საშუალება არ მიეცათ ცხედარს მიახლოებოდნენ: ,,გადაგვიდგნენ წინ ანკას ქმრის ნათესავები და მისი ნარკომანი ძმაკაცები, ახლოს არ გვიშვებდნენ, ისეთი აგრესიულები იყვნენ, გავგიჟდით, როცა დავინახეთ, რომ ანკას შუბლზე და ,,კასინკა” ჰქონდა წაკრული, ჩატეხილი შუბლი რომ არ გამოჩენილიყო, ეს ანგელოზივით გოგო ლამის პიჟამოსნაირი ,,კაპიშონიანი” სპორტულებით დამარხეს, ძალიან საეჭვოდ და უცნაურად... ის გარეწარი, მისი ქმარყოფილი ახლოსაც არ მისულა, არ თუ ვერ დაემშვიდობა თავის შვილის დედას .... მათ პატარა ბიჭი ჰყავთ. გოგოს არავინ ყავდა, უმამოდ გაზრდილი იყო, იყო უსათნოესი და უჭკვიანესი, მარტო გამზრდელი იბრძვის, დედა ალკოჰოლდამოკიდებულია...” 


ანა ლომაშვილის ახლობლები მაშინ საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვდნენ, გამოძიება და პროკურატურა პრესას და ყველა დაინტერესებულ პირს პასუხობდა, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. დროში გაიწელა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა როცა გამოქვეყნდა, იქ დადასტურებული იყო, რომ მიცვალებული ნაწამებია, სიკვდილი კი ასფიქსიის შედეგად დადგა. რამოდენიმე ხანში ანა ლომაშვილის ყოფილი ქმარი გიგი კორძახია დააპატიმრეს.


არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ ანა ლომაშვილი ჯერ აწამეს და კვალის დაფარვის მიზნით თვითმკვლელობის ინსცენირება მოხდა. ,,ალია” თავიდანვე მუშაობდა ამ თემაზე, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ეჭვი და ვარაუდი, ერთ ერთი ვერსიით, გიგი კორძახიას თანამზრახველები და თვითმხილველები ჰყავს, თუმცა გამოძიება მაინც 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარიმართა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, (რადგან გამოძიება და პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს) ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მოსამზადედელ მოსმენაზე კორძახიას ერთ მეგობარს და სავარაუდო თანამძრახველს უთქვამს - ჩემი თვალით დავინახე, გიგიმ ანკა როგორ ჩამოკიდა ჯაჭვითო, თუმცა როგორც გავიგეთ, შემდეგ მას უარყვია ეს ნათქვამი.... 


ანა ლომაშვილის ნათლია თავიდანვე ითხოვდა, რომ ის გამოძიებას დაზარალებულად ეცნო, მაგრამ უარი მიიღო ამ მოთხოვნაზე, ანა ლომაშვილს ოთხი წლის ვაჟიშვილი დარჩა, „სოლიდარობის სახლის“ დირექტორი თამარ ლომაშვილი გუშინ ფეისბუქზე წერდა: - სანდო წყაროს ინფორმაციით, ანას შვილზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გარდაცვლილ დედაზე ბავშვს უყვებიან გამოგონილ უარყოფით ისტორიებს, რათა შვილმა შეიძულოს დედა...


დღევანდელ სხდომას ანას ახლობლების და არასამთავრობოების მოთხოვნით, პირველად დაესწრო საიას ადვოკატი ლევან ვეფხვაძე, ანა ლომაშვილის მხარის დამცველად. დღის ბოლოს „ალია“ დაუკავშირდა ადვოკატს, მან შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:


- დღეს იყო წინასასამართლო სხდომა, ამ დროს ხდება როგორც პროკურორის, ასე ბრალდებულის ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა, რამდენად კანონიერად არის მოპოვებული ისინი და ასევე აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებული პატიმრობაში დარჩეს თუ შეიცვალოს. დღეს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ბრალდებული, თქვა, რომ იყო ამის საფუძველი. პროცესი ზეგამდე გადაიდო, რაც შეეხება მტკიცებულებების მოპოვების კანონიერებას, ამასაც შემდეგ პროცესზე გამოაცხადებს მოსამართლე, რადგან ბრალდებულის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პროკურორის რამდენიმე მტკიცებულება დაუშვებლად ეცნო და ასევე პროკურორმაც თავის მხრივ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულის მხარის ადვოკატის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად სცნონ, რადგან არ მომხდარა მათი კანონის დაცვით გადაცემა, შემდეგი სხდომა 6 ივლისს 4 საათზეა ჩანიშნული.


,,ალია” , ლაურა აბრამია, სპეციალურად საიტისთვის.


კომენტარები:

ფართი შოპი