"უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება... დავშვრები კვალად. მისთვის და მისი ამბებისთვის" - ნიკა მაჭუტაძე

13 Dec 2018 09:38

ნიკა მაჭუტაძე, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"9 დღე გავიდა. 9 ტკივილიანი დღე. გაოგნების დღეები. და ამ ხნის განმავლობაში არაერთგზის ვცადე რაიმე დამეწერა, მეთქვა მის შესახებ. ამ ამბის შესახებ. ცდა ცდად დარჩა. უშედეგო ცდებად. აზრდაკარგულ,  ვერშემძლებელი სიტყვების გროვებად რომ მრჩებოდა ბოლოს ხელთ და საერთოდაც ვერ გამოხატავდა ვერც მის პიროვნებას, ვერც მის ამბავს, ვერც მის ინდივიდუალობას, ვერც მის აღსასრულს... ვერ გამოხატავდა თვით იმ გაოგნებასაც კი, რამაც დაისადგურა ჩემში, ჩვენში, ჩვენს მეგობრებში. დაისადგურა და არც არსად მიდის. განლევის ნაცვლად უფრო ძლიერდება. ძლიერდება სულის უკვდავების იდეასთან ერთად. იმ უმტკიცეს საჭიროებასთან და ცოდნასთან ერთად, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, ვიცნობთ და გავიხარებთ.


9 დღე იქცა შეუგუებლობის ქრონიკებადაც ამ საშინელი, სასტიკი რეალობის მიმართ. რეალობის, რომელიც დაიცალა.


ტკივილების და გახსენებათა ელდების 9 დღეცაა. ბევრისთვის. უამრავი ადამიანისთვის, როგორც აღმოჩნდა.


გალაკტიონი: უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან. ერთი, განუსხვავებელი დღეა (თუ ღამე?!) ეს რამდენიმეც. მხოლოდ მისი არ ყოფნით რომ იკვეთება. უსულდგმულოა ეს დღეები, ეფემერულ წყებებად რომ მიედინებიან. სწრაფად და უხასიათოდ. უთვისებოდ.


მისებრ დიდ საიდუმლოს ის იქ მიესალმება. საიდუმლოებათა შეცნობის მწყურვალი კაცი. ცნობიერის ადამიანი, რომლის ყოველი დღე თავისუფლების გამარჯვება იყო ვფიქრობ. მისი თავისუფლების. შეცნობის გზით რომ მოდის, წინ ვერაფერი უდგება, მტკიცე შემოქმედებითი იმპულსისა და საერთოობის ზუსტად ისეთივე მოფრთხილებით რომ წარმოგიდგება, როგორც ინდივიდუალურის, საკუთრივის, პიროვნულის მშენებლობით.


მრავალმხრივი და ამ დროს მთლიანი. მასში ჰარმონიზდებოდა მხედარი და მწიგნობარი, პოლიტიკოსი და კულტურტრეგერი, მეგობარი და პოლემიკოსი. სიტყვები: ახლო და დისტანცია მასში ქმნიდა ბუნებრივ სავსებას. კულტურულ ვითარებას შიგნითაც და გარემოცვისთვისაც.


და ყველაზე მთავარი: მას შეეძლო აღფრთოვანება, მას ჰქონდა აღტაცების უნარი და რჩებოდა კიდევაც ადამიანად. იგი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მთელს სამყაროს, რომელიც მას ეძლეოდა ბევრი მხრიდან - პირადი გამარჯვებებით და ტკივილებით, ახალი და ძველი შინაარსებით, საზოგადო და სახელმწიფო საქმეებით, მსოფლიოს თანადროული განცდით, ევროპის განცდით. საქართველოს დაჯერებით. ადამიანების გაგებითა და სიყვარულით.


რომაელი კაცი იყო. რომის პოლიტიკური და სოციალური ტიპობრიობით. მებრძოლი სენატორი - აი, რა იქნებოდა მისი ეპიტაფია ანტიკურობაში. შემთხვევითი როდია მისიეული ცოდნა და გრძნობა ამერიკის, მის მუდმივი აპოლოგია. კონსტიტუცია, თავისუფლება, კულტურული და პოლიტიკური ქმნადობა და არამხოლოდ პოზიციონირება.

სახელმწიფოს კაცი იყო.


თავისუფლების კაცი. მოუსმინეთ მუსიკას რომელსაც უსმენდა და იგრძნობთ იმას, რაც თავისუფლების დიდ ქარტიებში, მანიფესტებში, ყველა ტექსტებში წერია. უფრო მეტსაც, ვიდრე თვალი ამოიკითხავს, უფრო მეტ კვალსაც დაატყობს მეხსიერებას. ზუსტად იმ სიმძლავრისას, როგორც მან დატოვა ჩვენზე.


ასეთი ადამიანების წასვლას ორმაგი ეფექტი აქვს - რჩება დიდი სიცარიელე, წარმოუდგენელი, აუნაზღაურებელი, შეუვსებელი სიცარიელე, რომლის წინაშეც გაოგნებული ხარ, როგორც დაუძლეველი ამოცანის თუ უსამართლობისადმი დადგებოდი. და ამასთანავე, რჩება საქმეები, რჩება შინაარსები, რჩება ტექსტები, რჩება ძეგლები, მუდმივი ხსოვნა, გავლენა. რჩება ყველაფერი ის, რაც ქმნის მეხსიერებას. საკუთრივ შენსას, როგორც ინდივიდის და ასევე, საკუთრივ შენსას, როგორც საზოგადოების.


მას სჯეროდა მარადიული დაბრუნების, მას სჯეროდა მარადიული შეხვედრის, მას სჯეროდა მარადიულობის - აკი, იქეთკენ მიიკვლევს გზას ნიკა რურუა - ძმა, მეგობარი, მებრძოლი, თანაზიარი, სახელმწიფო კაცი. სიყვარულით და უშრეტი ენერგიით სავსე. სავსე ცხოვრებით, სავსე მემკვიდრეობით, უხვი მემკვიდრეობით, რომელიც არის ვრცელზე ვრცელი მეხსიერება უპირველესად.


ვერიდები მისი სახელის ხსენებას. ვერ ვუმკლავდები. ჯერ არ შემწევს ამის უნარი, მაგრამ შეუძლებელია რომ არ თქვან მისი სახელი, არ იცნონ მისი სახე, არც გაიგონ და არ დაიჯერონ მისი ძახილი. ძახილი მტკიცე და მართალი. ძახილი მწარე.


ვეჭიდები და არ ვუშვებ, როგორც ამ ფოტოსურათზეა: ჩვენ თითქოს დავშორდით. კოსმოსის სხვადასხვა მხარეს მოვექეცით, თითქოს, მაგრამ ვრჩებით მაინც ერთად ჩვენი ძმობისა და სამყაროს ურღვევი მთლიანობის აბსოლუტური გააზრებით.


მანამდე კი, უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება...


დავშვრები კვალად. მისთვის და მისი ამბებისთვის."- წერს ნიკა მაჭუტაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი