მასწავლებელი, გურიიდან, მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა

14 Dec 2018 09:33

გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” საიტი აქვეყნებს. ლადო აფხაზავა 2010 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს, ხოლო 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.


 “ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.” – აღნიშნულია “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ვებგვერდზე.


სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი გამუდმებით ცდილობს, ბავშვებს სასურველი სასწავლო გარემო შეუქმნას, ამისათვის არაფორმალურ მეთოდებსაც იყენებს.


“მის საქმიანობას მუდმივად გამოარჩევს დევიზი „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება მისი, როგორც პედაგოგიური მიდგომა, ასევე სამოქალაქო აქტივიზმი.  აქედან გამომდინარე მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ის გულგრილად არასდროს ტოვებს  ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს, თანამშრომლობს სოციალურ სამსახურებთან, აქტიურად ეწინააღმდეგება სკოლის მოსწავლეთა სამუშაოებზე წასვლას თურქეთში და სასწავლო პროცესიდან მათ მოწყვეტას.”


ლადო აფხაზავასთან ერთად, კონკურსში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც არიან. რაც შეეხება ჯილდოს, იგი 1 მილიონ დოლარს შეადგენს.


www.marketer.ge


კომენტარები:

ფართი შოპი