16 დეკემბერს, საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ, ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია თელავში გაიმართება - ასე გადაწყდა, ცერემონიის საორგანიზაციო ჯგუფი ერთ პატიოსან კაცს, კახა კახიშვილს ჩააბარეს და დაიწყო.
დაიწყო ათასი მითქმა-მოთქმა, რატომ თელავში?
ზოგმა, თელაველებს „აბაროტს გვიღებენო“, რადგან ხმა არ მივეცითო, ზოგმა კიდევ, თელავში ეგ როგორ გაიმარჯვებდა - გურჯაანელიაო და ა.შ.
_თელავში, ყველაზე ცოტა ადამიანმა მომცა ხმა და ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი, ეს იმის სიმბოლური დასტურია, რომ ყველას პრეზიდენტი ვარო - ახსნა, თავად, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
გახდა თუ არა ცნობილი ინაუგურაციის ჩატარების ადგილი, გაერთიანებული ოპოზიცია გამოდგა და თუკი ინაუგურაცია თელავში, გალავანსგადაღმა გაიმართება, ჩვენ, გალვანსგადმოღმა პარალელურად აქციას გავმართავთ, ნიშნად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ ვაღიარებთ, ის ჩვენი პრეზიდენტი ვერასოდეს იქნებაო.
აქციის გაგონებაზე, ხელისუფლებამ "ნაცმოძრაობის" აქტივის „ნამუსზე აგდება“ სცადა, ერთი და იგივე განცხადება დაისწავლეს და გამოთქმით იმეორეს - მსოფლიო გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, თანაც ათასი უცხო ქვეყნის პირველი პირის წინაშე ამ დღეს საპროტესტო აქციის გამართვა, ეროვნული სირცხვილი და თავის მოჭრა იქნებაო.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ინაუგურაციას ერთადერთი უცხო ქვეყნის პირველი პირი დაესწრება და ისიც, კარის მეზობელი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი - არმენ სარქისიანი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჯერად უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მიხეილ სააკაშვილსაც სხვა რა უნდოდა და მხარდამჭერებს მოუწოდა - მჯერა, ჩვენი ერი ჯაყოს არ შეალახინებსო თავმოყვარეობას და მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად ქუდზე კაცი გამოვაო.
ის იყო, სოციალურ ქსელში, „ქოც-ნაცების“ დაჯახების სცენების მეორე სერია უნდა დაწყებულიყო რომ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა და სკანდალურმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მოსაწვევი გამოდო, ტექსტით:
„სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვევა მივიღე, გიორგი მარგველაშვილს კი აჯობა-პერსონალურ კრიტიკაზე მაღლა დადგა!“
ამბავი იყო ისეთი, ქვა, შეასძლოა ვერა, მაგრამ გულები ბევრის დახეთქა...
საქაოცეთში ამბავი ატყდა - ეს როგორ შემოგვბედესო, ჩვენ „ქართულ ოცნებაზე“ გადამკვდარი და ის, მთელი ხელისუფლების და თავად, ქალბატონი სალომეს ძირგამოთხრელიო.. სამართალი სად არისო?!
მიიკითხეს, მოიკითხეს და გაარკვიეს:
„თუ ვინ და რატომ დაპატიჟა „ის“ ინაუგურაციაზე. სიებს ადგენდა სამი უწყება ახალი პრეზიდენტის შტაბი, ძველი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, რაც მთავარია გავარკვიე რომ კახი კახიშვილს არა დაუპატიჟებია „ის.“
გაკეთებული იყო სიები საერთო და რადგანაც ყველაფერი სწრაფად და ქაოსურად კეთდებოდა, სიაში მოხვდნენ „ის“, ბაია პატარაია და სხვა ნაც ჭინკები. კიდევ კარგი დროზე წაშალეს ეგ მანქურთები, თუმცა ერთი ის კი გაეპარათ და ატყდა ალიაქოთი.“- დაწერა მედია-ჰოლდინგ „ჯორჯია-ტაიმის“ დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა.
ანუ, ქალაქის ყოფილი მერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფაცი-ფუცში გაპარულა“ შეცდომა და ასე მოხვდა ელისო კილაძე მოწვეულთა სიაში.
გამოაქვეყნა თუ არა ელისო კილაძემ მოსაწვევი, ფბ-საზოგადოებამაც ჩათვალა, ალბათ ამ მოსაწვევის გამოქვეყნება კაი რამეაო, "თხა-თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო" და პოსტეს და პოსტეს. ზოგმა წყვილად, ოჯახის წევრებზე მოსული, ზოგმა კენტად და ასე... მთელი ორი დღის მანძლზე.
(საქართველოში ხომ ყველაფერი უსაშველო ვიცით!...).
ვისაც მოსაწვევი არ ერგო, იხტიბარი არ გაიტეხა.
მაგალითად, ქუთაისში, პორტის მშენებელხემოცარულმა ომარ ნიშნიანიძემ თქვა:
_ალბათ, მიწვეული არ ვიქნები, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა, მეც ვყოფილიყავი მიწვეული, არ დაშავდებოდა არაფერიო... და ბოლოს დასძნა: დიდი იმედი მაინცდამაინც არ მქონდა, რომ იქ მიმიწვევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძველმა გვარდიამ საკმაოდ კარგი როლი ვითამაშეთ მეორე ტურისთვის ამ არჩევნებში.
ძველმა გვარდიამო... უკვე ორგზის უარყოფილმაო, გაწბილებულმა და ხშირად იხტიბარგაუტეხელმაო....
_არ დაგპატიჟეს და ნუ დაგპატიჟეს რას დარდობთ - ხმალი მხოლოდ ომში და ბრძოლაშია კარგი, ზეიმზე ხმლის გამოჩენა არავის უხარია და არც არავინ აჩენს - დაწერა ტელე-წამყვანმა მაკა რაზმაძემ.
ისე, მართლაც, რა გულდასაწყვეტი ეგ ამბავი იყო?
ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, პრეზიდენტი ერთია, თქვენ კიდევ - მილიონზე მეტი.
„ძველმა გვარდიამ“ კი გულზე ხელი უნდა დაიდოს და ერთი რამ აღიაროს ალალად: რაც ელისო კილაძემ წერით ვერ დაგაკლოთ, ერთი „ფეისბუქ-პოსტით“ „შეგისრულათ“. გააკეთა ის, რაც თვით „ქართულმა ოცნებამ“, თქვენთან მიმართებაში, თავისი შეგნებული, თუ შეუგნებელი უნიათობით ვერ მოახერხა მთელი 6 წლის მანძლზე - „ჩორტი ჩააგდო და გაიარა“...