19 დეკემბერს Iart გალერეაში, სამი ახალგაზრდა მხატვრის - ირაკლი კუნჭულიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ჯგუფური გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით: „117 სმ. და 59 დღე“.
ექსპოზიციაზე ახალგაზრდა ხელოვანების მიერ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შესრულებული 50-მდე ახალი ნამუშევარია წარმოდგენილი.
მხატვრებისთვის ეს მესამე ჯგუფური გამოფენაა, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელმა, რომელთა შორის, ძირითადად, სამხატვრო აკადემიის, სტუდენტები და ხელოვნებათმცოდნეები იყვნენ, უკვე იხილეს ზეთში შესრულებული ფერწერული ტილოები.
„მე, ირაკლი კუნჭულია და ბექა სვირავა ვხატავთ ერთმანეთის მხარდამხარ, ჩვენ შევქმენით სივრცე სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს, ჩამოჯდეს, ჩაი მიირთვას და ისაუბროს ხელოვნებაზე. ღია სახელოსნოს მისამართია; ბარათაშვილის 7 ნომერი „Gategallery.“ - განგვიცხადა ერთ-ერთმა მასპინძელმა ირაკლი ჩიქოვანმა და იქვე დაამატა: „ზოგადად არ მიყვარს, როდესაც მხატვრები ბევრს საუბრობენ თავიანთ ტილოებზე, თავად ნამუშევარმა უნდა თქვას სათქმელი...“
- რატომ დაარქვით თქვენს ექსპოზიციას „117 სმ. და 59 დღე“ ?
- ჩვენს სახელოსნოს აქვს საკმაოდ სქელი, 117 სანტიმეტრიანი სიგანის კედლები და ამ სახელოსნოში გავატარეთ თითქმის ორი თვე, უფრო ზუსტად 59 დღე, რათა დამთვალიერებლების სამსჯავროზე გამოგვეტანა ჩვენი შემოქმედება.
- ვინაიდან გამოფენას სამი ავტორი ჰყავს, საინტერესოა ვიცოდეთ, გარდა ფორმისა და მიმდინარეობისა, თუ გქონდათ რაიმე თემა, საერთო ხაზი, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელეთ ამ სურათების შექმნისას ?
- ჩვენ ვაერთიანებთ, ფერწერას, აბსტრაქციას, რეალობას, ანიმაციას, სამყარო ხომ ერთ ტონებში არ არის წარმოდგენილი? მაყურებელიც მრავალფეროვანია; ზოგ სურათს ერთი ჯგუფის, ერთი იდეოლოგიის ადამიანები იწონებენ, მაგრამ დიდად იმჩნევენ სხვები, ის რამაც შეიძლება ტურისტი-დამთვალიერებელი აღაფრთოვანოს, საქართველოში ზედაც არ დახედავენ, ან პირიქით.
ამას წინათ დავხატე ტროტუარზე მიმავალი აზიელი ქალები, მუქი ფერის აზიურ სამოსებში, ნახატს დავარქვი "აღმაშენებლის გამზირი", სოციალურ ქსელში აღნიშნული სურათის ამსახველ ფოტოს დიდი რეზონანსი მოჰყვა.
კითხვები გაჩნდა ერთი იმერელი ნარკომოყვარულის, ჩაქუჩად ცნობილი ახალგაზრდა კაცის პორტრეტზეც, რატომ დახატე მარიხუანას მოყვარული ბიჭიო?
ერთხელაც ქსელში მის ე.წ. ლაივ ჩავრთვას მივადევნე თვალი; ადამიანს, რომელიც ერთობ ეგზოტიკურ იდეებს ქადაგებდა და რომელიც ვიღაცაებისთვის თავისუფლების სიმბოლო გახდა, არც თუ ცოტა ადამიანი ადევნებდა თვალს... ამიტომ ეს მხატვრობაში გადმოვიტანე.
- და ბოლოსკენ გკითხავთ, რამდენად მოთხოვნადია თქვენი და თქვენი მეგობრების მიერ შექმნილი ნამუშევრები ? ძირითადად აქაურ ბაზარზეა გათვლილი თქვენი ნახატები, თუ უცხოელ მოხმარებელზე ?
- მხატვრობა ეს ფუფუნების სფეროა, ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც რომელიმე დამწყები მხატვრის, რომელიმე ერთი ტილო შეიძინოს. ჩემი, ისევე როგორც ირაკლის და ბექას სურათები, ევროპელ ტურისტებს არაერთხელ უყიდიათ. ამ ბოლოს ქართველებმაც დაინტერესდნენ, თუმცა მე პირადად ვისურვებ, რომ კომერციული ინტერესების მიღმა, შემოქმედებაც არ დავივიწყოთ და სურათები შპალერის ფუნქციას არ ასრულებდნენ კედლებზე... ის გააზრებულად უნდა შეიძინონ ხელოვნების თაყვანისმცემელმა თუ ბიზნესით დაინტერესებულმა პირებმა.
სამი თანამედროვე ქართველი მხატვრის ჯგუფური გამოფენა, 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება; Iart გალერეას მისამართია, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N 13. დასწრება უფასოა.



