„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

20 Dec 2018 09:02

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.


Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ.


„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი, შევუქმნით ღირებულ ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი. გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.


Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას.


ციფრული სავაჭრო პლატფორმა დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლათფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის.


წყარო: bfm.ge


კომენტარები:

ფართი შოპი