თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა

23 Dec 2018 08:25

რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა.  აპარატის მუშაობას თბილისის მერი კახა კალაძე რიყის პარკში გაეცნო.  


კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე აპარატები  სამ ადგილზე დაიდგა, მომავალი წლიდან კი ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.


„საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა - მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ.


აპარატის  მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც. მომავალ წელს, იანვარში, კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება. მომდევნო წლის განმავლობაში კი, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, კიდევ არაერთი აპარატის განთავსებას ვგეგმავთ.


აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ  ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები  განვახორციელოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა




კომენტარები:

ფართი შოპი