„ყველა ჟურნალისტის მერიც უნდა იყოთ,“ - ღია წერილი კახა კალაძეს

24 Dec 2018 18:58

ბატონო კახი, გამარჯობა.


გუშინ, მედიის წარმომადგენლებისთვის გამართეთ წინასაახალწლო მიღება. ამის თაობაზე, ოფიციალური წერილი არ მიგვიღია, თქვენივე „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობით გავიგეთ. გავიგეთ, რომ ამ შეხვედრაზე, მხოლოდ თქვენთვის რჩეული ჟურნალისტები გყავდათ მიწვეული.


არ გვაქვს პრეზენტია მიწვეულებთან, მიიწვიეთ და რა თქმა უნდა, დამსახურებულადაც.


თუმცა, დანარჩენებს გაგვიჩნდა კითხვები: რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული შეხვედრა, რა კრიტერიუმით შეარჩიეთ მედიის წარმომადგენლები და მეტი სიცხადისთვის. კონკრეტულად, რომელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გყავდათ მიწვეული?


თქვენი პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მანანა თოქმაჯიშვილს დავუკავშირდით აღნიშნული კითხვებით:


ჩვეულებრივი, წინასაახალწლო მიღება იყო, მედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულები მერიის საკითხების გაშუქებაში.


რა თქმა უნდა, ვერ მოვიცავდით მედიის სრულ სპექტრს, ეს წარმოუდგენელია ერთი ღონისძიების და ერთი შეხვედრის ფარგლებში, ამიტომაც აქცენტი გავაკეთეთ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად, ყოველდღიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს.


დანარჩენები სხვა ფორმატში შეგვიძლია გავითვალისწინოთ და უფრო მეტი წარმომადგენელი მოვიწვიოთ.


რაც შეეხება მედიასაშუალებების ჩამონათვალს, რომელი მედიასაშუალება ესწრებოდა და რომელი არა, ვერ მოგაწვდით, უკაცრავად.“- გვიპასუხა მანანა თოქამჯიშვილმა.


„იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები არჩეული მერის თანამდებობაზე, მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები“, - ეს თქვენი სიტყვებია, ბატონო კახი. წინასაარჩევნო პერიოდში დაგვპირდით.


შემდეგ, მომღერლებს დაპირდით, რომ საბოლოოდ დაანგრევდით სტერეოტიპებს და რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედეულებების გამო არ მოხდებოდა მომღერლების არჩევა...


მოგვიანებით ისიც თქვით, რომ გსურთ, მომავალმა თაობებმა თქვენზე თქვან, რომ კარგი მერი იყავით...


თქვენ საქმიანობას თვალყურს ვადევნებთ, ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ გავაშუქოთ ყველა ის დეტალი, რომელსაც ოფიციალურად გვაწვდიან თქვენი სამსახურები. ასევე, ვაშუქებთ იმ დეტალებსაც, რომელსაც არ გვაწვდიან, მაგრამ ვხედავთ,  ვხვდებით, სოციალურ ქსელებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესეც ხომ ყოველდღიური თანამშრომლობაა?! ალბათ, თქვენც გიკვირთ რატომ  ვერ მოხვდა ყველა ასეთი მედია-საშუალება თქვენთან შეხვედრაზე, გვეეჭვება შეხვედრის ადგილის სივრცის პრობლემა ჰქონოდა ქალაქის მერიას.


ალბათ, უნდა დაინტერესდეთ:


თუ იმათთან აჯამებთ წელს, ვისთანაც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ, ეს შერჩევითობა და ორმაგი სტანდარტი ვინ დაგიწესათ?


თუკი წინასაახალწლოდ, უბრალოდ, ვიღაცეების თვალით დანახულ ელიტურ ჟურნალისტებს, ან კონკრეტული პირების სამეგობროს გახვედრებენ, ესეც უნდა იცოდეთ.;


ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ;


(ალბათ, გუშინდელი შეხვედრის თქვენს ალბომსაც უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას - "წინასაახალწლო მიღება მედიის ამორჩეული და კარგად გაფილტურული წარმომადგენლებისთვის);


_რა თქმა უნდა, ვერ მოვიცავდით მედიის სრულ სპექტრს, ეს წარმოუდგენელია ერთი ღონისძიების და ერთი შეხვედრის ფარგლებშიო - ქალბატონმა მანანამ გვითხრა. საინტერესოა, ერთი მედიასაშუალებიდან 3 და 4 წარმოამდგენლის ერთდროულად მოწვევა როგორ მოხერხდა?!  წარმოუდგენელი კი  ამ ყველაფერში ისაა, როგორ ვერ მოხდა იმის გააზრება, რომ ასეთი დაყოფით ის გუნდი, რომელთა მთავარი ამოცანაც თქვენი პიარი და საზოგადოებასთან დაახლოებაა,  უფრო დაგაშორებდათ საზოგადოებას.


იმეგობრეთ, იმეგობრონ, მიიწვიეთ, კარგია მეგობრობა და დადებითი ურთიერთობები, ასე ბევრად წინ წავალთ, მაგრამ ნურც სხვებს დაჩაგრავთ;


ყველა, ვიღაცის ახლო მეგობარი ვერ იქნება, ზოგიერთს უბრალოდ საღი თანამშრომლობა სურს და ამას აკეთებს კიდეც, როგორც აღმოჩნდა ცალმხრივადაც კი.


მოკლედ, ბატონო კახი, ყველა ჟურნალისტის მერიც უნდა იყოთ.



დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, წარმატებული წელი დაგვდგომოდეს და ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე გვეთანამშრომლოს, რა თქმა უნდა...

პატივისცემით,

საინფორმაციო პორტალი „მხარე“

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი