"უყურადღებობას ვეწირები..." - უშგულში, ბედის ანაბარად მიტოვებული ისტორიული კოშკის მიმართვა ხელისუფლებას (+ფოტო)

28 Dec 2018 08:14

საუკუნეებს ითვლის ჩემი არსებობა. აგერ რამდენი წელია ვუყურებ დროთა სვლას, ხალხის ცვლილებას.


ადრე ჩემს წინ ვინც ჩაივლიდა ჩერდებოდა და პატივს მომაგებდა, კაცები ჩემს დანახვაზე ქუდსაც კი იხდიდნენ. აფასებდნენ იმ შრომას, რაც გასწიეს ჩემს ასაშენებლად.


დროთა გაავლობაში გავხუნდი, ჩემ დანახვაზე დროებით გაოცებას გამოხატავენ, შემდეგ კი მიდიან.


მე ვგრძნობ როგორ იღუპებიან ჩემი ძმები, ვგრძნობ როგორ მტკივა დაზიანებული სხეული. ვეღარ ვდგავარ ამაყად.


„პროექტებიო“, გაიძახიან, მაგრამ იმ პროექტებამდე გავძლებ კი?


მე კი მოვკვდები ვატყობ, ამ აზრს შევეგუე, მაგრამ არ მინდა ჩემი სიკვდილით სხვაც შევიწირო ჩემნაირი და ჩემი შემქმნელელებისნაირი არსებები...


გუშინ გაუსაძლისი ყინვა იყო, ერთიანად ცახცახი დავიწყე და ვიგრძენი როგორ დავკარგე სხეულის მცირე ნაწილი, ძლიერ განვიცადე...


გვერდით მდგომმა ჩემმა ძმამ გადმომძახა რა გჭირსო, შურმა ამიტანა როცა ვნახე მას სიცივე რომ არ აწუხებდა, ის ჩემსავით არ იყო საცოდავ დღეში, მას უვლიან, დიახ ასე თუ ისე უვლიან... მე კი მერამდენე წელი დავთვალე უკვე უყურადღებობის, აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვნახე ჩემი მომვლელი.


ის საშინელი ღამე მეც შემეხო, მეც განვიცადე ზვავის შიში, მერე ერთიანად მეტკინა გაუბედურებული ხალხის ტკივილი.. მაგრამ მარტო ასეთი დღეები არ გამივლია ჩემი არსებობის განმავლობაში.


მე მინახავს დასნეულებული ხალხი, ჩემს წინ დაატარებდნენ არარაობად ქცეულ სხეულებს, ადგილს ვერ პოულობდნენ მათ დასამარხად, მაგრამ იმ პერიოდშიც კი ზრუნავდნენ ჩემზე... უდროოდ დაათოვდა უშგულის მთებს და გაოცებული, გაოგნებული ხალხი ხელს ჩაიქნევდა ხოლმე, მაგრამ მაინც ზრუნავდნენ ჩემზე...ჩვენზე... 


რამდენი შრომა დასჭირდათ ჩემს შესაქმნელად. ისიც მახსოვს, როგორი იმედით მიყურებდნენ ისტორიის შემნახველ არსებას. და არამარტო ისტორიის... ვიყავი ხალხის დამცველი ბუნების ძალებისგან და ბრძოლებისგან...


გული იმაზე მწყდება, რომ უყურადღებობას ვეწირები.


ახლა რაღა ვარ? ერთი საცოდავი კოშკის აჩრდილად დარჩენილი არსება, რომელიც შიშით უყურებს მომავალს.


მაპატიეთ, იქნებ უმადურად ჩამთვალოთ ასე რომ ვსაუბრობ, მაგრამ ვატყობ დაგვიანებულია ჩემთვის ეგ თქვენი "პროექტები"... აგერ უკვე წლებია ასე ვდგავარ, მაგრამ ვდგავარ კი?...


თუმცა სხვებს იქნებ ეშველოთ რამე, არც ისინი არიან უკეთეს დღეში...


ჩემს სიკვდილამდე ისევ ასე ვიდგები, ისევ გამოვიწვევ გაოცებას და სიბრალულს მნახველში, მაგრამ გაგრძელდება ეს დიდხანს თუ არა აღარ ვიცი.


ჩემს არსებაში იმედის ნაპერწკალი მაინც დარჩა, რადგან ეგ იმედი ბრძოლებში დატანჯულმა შემქნელებმა მაჩუქეს, მიბოძეს!


ახლა დროა გავჩუმდე, იქნებ ამით სიცოცხლის რამდენიმე წამი მაინც შევინარჩუნო...


ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი