პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა

05 Jan 2019 21:45

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ტომოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ამ დოკუმენტის ორიგინალი დღეს ჩაიტანეს სტამბოლში, სადაც მდებარეობს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია.


წმ. გიორგის ტაძარში ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მასთან ერთად სტამბოლში ჩავიდა ახალი ეკლესიის მეთაური, კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე. კვირას, 6 იანვარს, მოხდება ტომოსის გადაცემა.


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.


მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბართლომე ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 6 იანვარს გადასცემს კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს მანამდე ერთი დღით ადრე დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.


გასული წლის 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.


პოროშენკომ ისტორიული მოვლენა უწოდა ახალი ეკლესიის შექმნას. ხოლო კრემლი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ.


კომენტარები:

ფართი შოპი