"საპენსიო დანაზოგები უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე სხვა აქტივი, როგორიცაა: სახლი, მანქანა, ბანკში ფული"- საპენსიო სააგენტოს დირექტორი

06 Jan 2019 03:22

საპენსიო დანაზოგები სხვა მხრივ ყველაზე უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე თქვენი სხვა აქტივი, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, სახლი, მანქანა, ფული ბანკში, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს საპენსიო შენატანები გაკონტროლდება „დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის“ მიერ.


„ ამ მხრივ ყოველგვარი დაცულობა გარანტირებულია, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ რისკით შეწონილ მაქსიმალურ ამონაგებს ამ დანაზოგზე. ეს დანაზოგები სხვა მხრივ ყველაზე უფრო მეტად არის დაცული ვიდრე თქვენი სხვა აქტივი, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, სახლი, მანქანა, ფული ბანკში. ამ დანაზოგებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი, ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ. ესაა გარანტირებული კანონით, კონსტიტუციით", - განაცხადა სურგულაძემ.


მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც დადებით გავლენას მოახდენს.


„ამ რეფორმას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი ბენეფიტი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიიღებს, ესენია: გრძელვადიანი - საპენსიო ასაკში ჩვენი მოქალაქეები იქნებიან ფინანსურად უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე ეფექტს უახლოეს წლებში დავინახავთ - საქართველოში შეიქმნება საინვესტიციო კაპიტალის ბაზა პირველად ისტორიაში და სადღაც 2 წელში ველოდებით დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, ხოლო 6 წელში 5 მილიარდ ლარს, ამ კაპიტალის 80%-მა უნდა იმუშაოს საქართველოს ეკონომიკაზე. ეს აუცილებლად გამოიწვევს საქართველში კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - განაცხადა სურგულაძემ.


შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ვატო სურგულაძემ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ფულის შეგროვება უკვე დაიწყო, მაგრამ ამ ფულმა როგორ უნდა იმუშაოს გეგმა ჯერ დაწერილი არ არის“.


2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს - 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი