“დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი “ძველებმა” და “ახლებმა”

06 Jan 2019 06:00

ის, რაც “ქართულ ოცნებაში” ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას არჩევნებამდე არ გააკეთებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ამ უთანხმოების საჯაროდ გამოტანა შესაძლებლად მიიჩნიეს. ამით “ქართული ოცნებისთვის” ახალი ეტაპი იწყება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და სწორედ ამისთვის ემზადება “ქართული ოცნების" თითოეული ჯგუფი. საკითხი ასე დგას - ვინ აიღებს ხელში სადავეებს ისე, რომ 2020 წლისთვის “ქართული ოცნების” საპარლამენტო სია განსაზღვროს. ყველაფერი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


“ვფიქრობ, ეკა ბესელიამ პარტიაში უთანხმოების საჯაროდ გამოტანისთვის საუკეთესო დრო შეარჩია და პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი ნაბიჯიც გადადგა. მან თავისი გადადგომა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს დაუკავშირა. არა მგონია, უახლოეს მომავალში რომელიმე საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსის გადაწყვეტილება და კარის გაჯახუნება ასე დაემთხვეს საზოგადოებრივ აზრს. ეკა ბესელიას პროტესტი და განცხადება გადადგომის თაობაზე აბსოლუტურად ემთხვევა მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნეგატიურ განწყობას. ირაკლი კობახიძეც და ისინიც კი, ვინც რაღაც-რაღაცების გამო იძულებული არიან, მართვის სადავეების შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირონ მურუსიძესა და მის “კომპანიას”, ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდნენ. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში, გარდა დაინტერესებული პირების ვიწრო წრისა, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ იუსტიციის საბჭოს მომზადებული სია და მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესება, საშინელებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.


“ქართული ოცნების” ეს ე.წ. ძველების ფრთა მართლაც ვერ იტანს მოსამართლეთა ამ ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, ეს მოსამართლეები არც “ახალგაზრდა გვარდიას” ეპიტნავება მაინცდამაინც, მაგრამ ისინი იძულებული არიან, კონიუნქტურას გაუწიონ ანგარიში. ამას მოჰყვა კობახიძის საინტერესო განცხადება, რომ თურმე “ბესელიასთან დაკავშირებით არის რაღაც მოტივები, რაც გასაჯაროვდება”. არ ვიცი, რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა ბესელიაც არ უნდა იყოს “ხელცარიელი”... მან განაცხადა კიდეც, რომ რაღაც-რაღაცების გახმაურებას აპირებს... თუმცა ამ ეტაპზე მაინცდამაინც მკვეთრ დაპირისპირებასა და განცხადებებს აღარ ველი. საქმე ის არის, რომ ეს დაპირისპირება და გამიჯვნა მიმართულია, ერთი მხრივ - საზოგადოებისა და მეორე მხრივ ივანიშვილისადმი. ამ პროცესს უკვე მოჰყვა საზოგადოების შეფასება. რა რეაქცია მოჰყვება ივანიშვილისგან, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, როგორც ძველი, ისე ახალი “გვარდია” ივანიშვილს აყენებს არჩევანის წინაშე: ან ძველ გვარდიას დაუჭიროს მხარი, ან - ახალს. ასეთი მიდგომა სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. ეს ხალხი ეძებს თავის ადგილს "ქართულ ოცნებაში", ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, მომავალში ექნებათ ადგილი "ქართულ ოცნებაში", თუ სხვაგან უნდა გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა...”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.


“პარტიაში რომ საქმე კარგად ვერ არის, ეს ივანიშვილმა თქვა, როცა დაბრუნდა, მაგრამ დავინახეთ, მისი დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარტიამ როგორ ჩააფლავა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მან ეს ვერ შეძლო. პარტიის საქმეების მოგვარებაზე არც ვიდარდებდით, რომ არ ვხედავდეთ, რა რთულადაა საქმე ხელისუფლებასა და მთავრობაში. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, გარკვეულ დრომდე მოახერხოს და “ძველებსა” და “ახლებს” შორის ბალანსი დაიცვას, შედეგად კი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნოს. თუ ერთ-ერთმა ჯგუფმა დაინახა, რომ მომავალ პარლამენტს გარეთ რჩება, ვფიქრობ, დაფიქრდებიან, სჭირდებათ კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილი და საკუთარ თამაშს დაიწყებენ. ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება და ვფიქრობ, ამას ეცდება კიდეც, რომ გუნდის ერთობა ერთი წელი მაინც შეინარჩუნოს. როგორ გამოუვა ეს, არ ვიცი. ველოდები, რომ გაზაფხულზე ის დადგება არჩევანის წინაშე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.


“მოსამართლეების დანიშვნა კი გადაიდო, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს... ეს კონიუნქტურა შექმნა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ ეს მოსამართლეები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი. რატომ თქვა ეს, ერთი მხრივ, თითქოს რთული ასახსნელია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ახსნის მარტივი ვერსიაც - საქმე ის არის, რომ ეს მოსამართლეები სააკაშვილის მორჩილნი კი არ იყვნენ, არამედ - ხელისუფლების, ამიტომ სააკაშვილი იქნება, ივანიშვილი თუ ვინმე სხვა, ისინი მას დაემორჩილებიან... ეს არის კომუნისტებისგან გამოყოლილი მავნე ტრადიცია, რომელსაც თავს ვერაფრით ვაღწევთ... მე არ ვიცი, რას წარმოადგენს "მურუსიძის კლანი" ან ვინ მფარველობს პარლამენტში ქვეყნისთვის დამღუპველ ამ პროცესებს, მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერი სათავეს იღებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან, როდესაც მან მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე უწერდნენ ხელს სააკაშვილის ხელისუფლებას, მსხვერპლად გამოიყვანა... ვფიქრობ, მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესება იუსტიციის საბჭოს მხრიდან არის პარლამენტისა და მთელი საზოგადოების გამოწვევა. მათი გზავნილი დაახლოებით ასეთია - ერთს თუ დაბლოკავთ, სხვას მაინც გავიყვანთ და ჩვენსას გავიტანთო... კიდევ ერთი - ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.


“... კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ქვეყანაში უმაღლესი აღმასრულებელი პირი არის პრემიერი, რეალურად კი ვხედავთ, რომ პრემიერის ზემდგომი პარტიის თავმჯდომარეა. არ გამოვა ასე! სწორედ ამიტომ ივანიშვილის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაბრუნება იქ, სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, ანუ დაიკავოს მთავრობის მეთაურის თანამდებობა. სხვას თეორიული შანსიც კი არა აქვს, ეს ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს. პარტიის თავმჯდომარეობით ქვეყნის მართვა რომ არ გამოდის, წესით, კარგად უნდა დაენახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით. ყველა ფაქტორი მეტყველებს, რომ დაძაბული და მძიმე წელი გველის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, რადგან დაწყებულია ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესები და ამ პროცესებით წარმოშობილ გამოწვევებთან გამკლავებაც პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის... იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო "კვირის პალიტრის" რედაქციას და თქვენს მკითხველს. ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ!”, - დასძენს პოლიტოლოგი.


კომენტარები:

ფართი შოპი