"ყველგან, ყველა სფეროში სრული ქაოსია, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა, დემოკრატიის ხარისხმა დაიწია"- გია ხუხაშვილი

06 Jan 2019 06:45

“სამწუხაროდ, გაკვეთილებსა და შეცდომებზე სწავლის მაინც და მაინც დიდი სურვილი არ გვაქვს. მუდმივად სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. რაც შეეხება 2018 წელს, უფრო ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს, ვიდრე დადებითად. სოციალური რისკები გაიზარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა. ასევე, წინა არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნების დემოკრატიის ხარისხმა დაიწია. ყველაფერი სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა დააგვირგვინა, რაც 2019 წლისკენ გადაინაცვლებს და საბოლოო ჯამში, შესაძლოა პოლიტიკური პროცესებიც კი განსაზღვროს. ამიტომაც, მოკლედ რომ შევაჯამოთ, საკმაოდ მძიმე წელი იყო და არცთუ ნაკლებად მძიმე წელი გველის”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


“ყველგან, ყველა სფეროში სრული ქაოსია. არჩევნების პერიოდის შემდეგ მსგავსი ფსიქოზი დამახასიათებელია ხოლმე. ახლა ყველგან გაურკვევლობა და დაბნეულობაა. ეს ყველაფერი მასობრივ ისტერიაშია უკვე გადასული. საზოგადოება გაიხლიჩა და კიდევ უფრო დაქუცმაცდა. მოხდა ხალხის სეგმენტებად დაშლა. მათ შორის ეს პროცესი ყველა ინსტიტუციას მოედო. პარლამენტში შიდა დაპირისპირება დაიწყო, ეკლესიაში ვხედავთ რა სახის განცხადებები კეთდება. ადამიანები ოჯახებშიც კი პოლიტიკურ ნიადაგზე ერთმანეთს გადაეკიდნენ. საზოგადოება მთლიანად დაქუცმაცდა და დაიშალა. საქართველო ამ ნგრევის პროცესში ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ტრაგიკულია, მაგრამ როდესაც ასეთი პროცესები იწყება, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ ქაოსიდან რაღაც კარგი მივიღოთ. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ შემდეგ წელს ყველა როგორ დავიწყებთ. ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე, საიდანაც სხვადასხვა სცენარის განვითარების მოლოდინში უნდა ვიყოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბევრი ადამიანის თავი დაგორდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.


“მურუსიძე ერთი არ არის - ეს არის პრობლემის დავიწროვება. ეს ადამიანი მანკიერების სიმბოლოდ იქცა და ეპიცენტრში ამიტომ აღმოჩნდა. ბოროტების სათავე ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოა, სადაც 11 მურუსიძე ზის. ეს ადამიანები მზად არიან, რომ ხელი ნებისმიერ რაღაცას მოაწერონ. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ თუ სასამართლოში რაღაცის გაკეთება გვინდა, მურუსიძეს კი არ უნდა ვეჭიდაოთ, იუსტიციის საბჭო უნდა დავითხოვოთ. ეს ხალხი დგას და გვიმტკიცებენ მურუსიძეს დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი. ამ კითხვაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს. მოსამართლის რეპუტაცია ყველაფრის განმსაზღვრელია. როდესაც ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა დანაშაული ჩადენილი, მისი რეპუტაცია ნულის ტოლფასია და ის მაინც მოსამართლის მანტიას ეპოტინება, აქ არის მთელი პრობლემა. თუ საზოგადოებისგან მას ეს მანტია არ ერგება, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება გონს თუ დროზე არ მოეგო, მას ეს პრობლემა სრულიად გადაიყოლებს. აქ რადიკალური სისტემური გადაწყვეტილებებია მისაღები. მურუსიძე თუ არა, მასზე უარეს მოგვიყვანენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.


“... რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებებს, საერთოდ, ჯანსაღი სისტემის პირობებში, საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯნული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ არის კარგი მოსასმენი, როდესაც სასულიერო პირები სრულიად აშკარად, საერო და სახელისუფლებო კომპეტენციაში გადადიან. ისევე, როგორც არ არის სასურველი, როდესაც პირიქით ხდება. იგივე მეუფე იაკობმაც აღნიშნა, რომ ვიღაც ბიზნესმენები ეკლესიის ცხოვრებაში ერევიან. მეუფე იაკობს მგონია, რომ სიტყვა გაექცა და გახარიასთან დაკავშირებით რაღაც ღრმა არ უგულისხმია. აქ ჟურნალისტთან ურთიერთობის გამოუცდელობამ იმუშავა. მან იმაზე მეტი თქვა, ვიდრე უნდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ძალიან ნანობს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რა ფორმით და როგორ უნდა გამოჩნდეს უკვე ახალი წლიდან ივანიშვილი, რა რადიკალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს?” - პასუხობს:


“ივანიშვილი, რომ არ გამოჩნდეს შანსი არა აქვს. ის ახლა დილემის წინაშე დგას. გამოჩნდება თუ არა, პასუხისმგებლობას საზოგადოება მაინც მას დააკისრებს. აქედან გამომდინარე არგამოჩენას რა აზრი აქვს?! ის აქტიური უნდა იყოს, რადგანაც საქმე ძალიან ცუდად არის. მას პოლიტიკურად საქმე ძალიან მძიმედ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ნდობისა და ავტორიტეტის დასაბრუნებლად ისაა, რომ მან ინსტიტუციონალური წესრიგი უნდა აღადგინოს. ამისთვის ის პრემიერი უნდა გახდეს. ეს მას გარკვეულ შანს მისცემს, რომ ის კითხვები, რაც ხელისუფლების და მისი მისამართით ისმის, პასუხგაცემული იქნას. ფაქტობრივად, ჩვენ მისგან სისტემურ პასუხებს ველით - რას შვრება ის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოსთან მიმართებაში. რაც შეეხება კონკრეტულად მურუსიძის უდანაშაულებას, მოკლე მეხსიერება არავის აქვს. ამიტომ ვურჩევ ივანიშვილს, რომ ახალი წლიდან ძალიან აქტიურად და სწრაფად პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა და ყველაფერი დაზიანდება!”


კომენტარები:

ფართი შოპი