"თუ საზოგადოებას არ ექნება ნდობა სასამართლოს მიმართ, მაშინ ადამიანები დაიწყებენ სამართლის პოვნასა და აღსრულებას თავად"

17 Jan 2019 21:25

გადაცემაში ,,ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ საქართველოს პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ, ადვოკატმა და ყოფილმა მოსამართლე თეა ხამხაძემ და ადვოკატმა ანა ჯალაღონიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესზე ისაუბრეს. 

 

,,მთავარი პრობლემა, რაც აქვს სასამართლოს ეს არის ნდობის პრობლემა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს არ ჰყოლია ისეთი სასამართლო, რომელსაც საზოგადოება სრულად ენდობოდა. სასამართლო დღემდე არის ჩაკეტილი, არ აქვს ურთიერთობა არც საზოგადოებასთან და არც პროფესიულ წრეებთან. სასამართლომ მოინოდმა მონოლითური სისტემის შექმნა, რაც დადასტურდა კიდეც წარდგენილი სიით“ - განაცხადა თეა ხამხაძემ გადაცემაში. 

 

მისი თქმით, ,,ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ყოფილიყო თუნდაც ერთი წევრი, რადგან ერთ-ერთი პირი, რომელსაც მოსამართლის რეპუტაციის შეფასება შეუძლია არის ადვოკატი.“  

 

ამავე გადაცემაში თეა ხამხაძემ აღნიშნა: ,,სასამართლო დღეს ცდილობს ერთ ხმაში სიმღერას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილებები და მოსამართლეთა შერჩევის კრირეტიუმები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცედურები გაიწეროს კანონით და არა ისე, როგორც ეს რეალურად ფურცელზე დაწერილი სიით მოხდა.“

 

,,მოქმედი მოსამართლეები ჩვენ არ გვჭირდება უზენაეს სასამართლოში. მათ მიმართ პოლიტიკური კითხვის ნიშნები საზოგადეობას უკვე აქვს. ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც თავის დროზე მანტია გაიხადეს და არ დაემორჩილნენ სააკაშვილის რეჟიმს, ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც კლანის ძალისხმევით ახლა დაკარგეს მანტია, მოსამართლეები მეცნიერთა და ადვოკატთა წრეებიდან. ადამიანები, რომლებსაც წარსულში არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ გადაცემაში.

 

მისი თქმით, ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმდინარე პროცესებში არის მხარე და არა ამ პროცესების ობიექტური გამტარი. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლოში მოახვედრონ თავიანთ გუნდი.“

 

ამავე გადაცემაში ანა ჯალაღონიამ აღნიშნა, ,,თუ საზოგადოებას არ ექნება ნდობა სასამართლოს მიმართ, მაშინ  ადამიანები დაიწყებენ სამართლის პოვნასა და აღსრულებას თავად, რაც გააძლიერებს ქურდულ სამყაროს და გამოჩნდებიან საქმის გამრჩევი პირები სასამართლოს ალტერნატივის სახით. 

 

გედევან ფოფხაძის თქმით, ,,თუ ადამიანი ვერ მიიღებს სასამართლოს მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას და მას ეცოდინება, რომ მომდევნო ინსტანციები, მაინც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ სასამართლოში აღებ-მიცემობა გახდება ჩვეულებრივი ამბავი და ჩვენ დავბრუნდებით ეტაპზე, რომელიც უკვე გამოვიარეთ.“ 

 

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 

www.facebook.com/commersant.ge

 


კომენტარები:

ფართი შოპი