"თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება..."- ირმა ინაშვილი

18 Jan 2019 04:46

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ისეთი დიდი ტრაგედია მოხდა, ყველა სიტყვა უაზრობაა. ვერ იტევს ვერც ერთი სიტყვა ამ ენითაუწერელ უბედურებას.


ახლა ბევრი ენთუზიასტი და პროფესიონალი გვიხსნის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ გაზის მიწოდების სისტემა, რა ფორმით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და ა.შ. ბევრი რეკომენდაცია წავიკითხე. უმეტესობა სასარგებლოა, მაგრამ დღეს დიდ დიღომში დაღუპულ ადამიანებს ვეღარ გავაცოცხლებთ. ესაა დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია.


ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში მთელი თბილისი გაზის ნაღმზე დგას.


თუ ამ ფეთქებადსაშიშ ვითარებას სისტემურად, ჭკვიანურად, ძირეულად არ მივუდგებით და მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებს არ დავუთმობთ ასპარეზსს... თუ ორიენტირებული არ ვიქნებით ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე და გაუმაძღრობას, უყურადღებობას, სიბეცეს არ შევწირავთ ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ გამოსავალს ვიპოვით.


თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება.


დასაჭერიც უნდა დაიჭირონ და სისტემაში პროფესიონალების მოზიდვაც უნდა დაიწყონ! დაუშვებელია თამაში ადამიანების სიცოცხლესთან!"- წერს ინაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი