"ერთ ადგილას გაიკეთე ყველა შენი გოლი, შენი წარმატებით და დიდი პუტინით - ამხანაგო ჯიქია"- ნანუკა ჟორჟლიანი

01 Feb 2019 01:28

"ეს ბიჭი აფხაზეთიდან დევნილია. ანუ, საკუთარი სახლი, კარ-მიდამო რუსებმა იძულებით დაატოვებინეს. უკვე მაშინ, როცა შეეძლო არჩევანი თავად გაკეთებინა რუსეთი აირჩია. იმის გარდა რასაც ამბობს, რომ იქ დაიბადა და გაიზარდა, რამაც გავლენა მოახდინა მის არჩევანზე, მოტივიცია ფულიცაა.


ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს სად იცხოვროს, სად ითამაშოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება ასეთი ბანძი სიამაყის დროს ვუთხრათ, ერთ ადგილას გაიკეთე ყველა შენი გოლი, შენი წარმატებით და დიდი პუტინით ამხანაგო ჯიქია."- წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


მოსკოვის სპარტაკის მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თავის დროზე არჩევანი ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა მთავარი კარიერული ოცნება, ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში ჩატარდა, მაინც ვერ აიხდინა - მუნდიალის დაწყებამდე მძიმე ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრო.


ახლახან 25 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინაშე რეალურად იდგა არჩევანი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის და არ ნანობს, რომ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო.


"როდესაც პირველად რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს, ჯერ კიდევ ამკარის ფეხბურთელი ვიყავი. ეს ამხანაგურ მატჩებში მოხდა და შესაბამისად, შემეძლო მეთამაშა და ეს ოფიციალურად არ ჩათვლილიყო რუსეთის სახელით გამოსვლად. იყო ბევრი ზარი, საუბარი, თავადაც ჩავფრინდი საქართველოში… მაგრამ ჩემი არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ.


ასე მოვინდომე და ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო. რჩევა მშობლებისთვისაც კი არ მიკითხავს. მათ მხარი დამიჭირეს. არჩევანი კი ასეთი იმიტომ გავაკეთე, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, გადავლახე ყველაფერი და მივაღწიე წარმატებებს, აქ დამაფასეს და ეს სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში უსარგებლო არ გავხდები".


გიორგი ჯიქიას მშობლები სოხუმიდან არიან, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი რუსეთში გადაბარგდნენ. გიორგი მოსკოვში დაიბადა.


კომენტარები:

ფართი შოპი