„ხელისუფლება არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, არამედ მას შემდეგაც არის დავალებული კრიმინალური სამყაროს მიმართ“, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კახიძემ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ გახშირებული ქურდობისა და ძარცვის გარდა, ფიქსირდება ორგანიზებული დანაშაულის ზრდაც.
„საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს გამოყენებამ და მათთან თანამშრომლობამ ძალიან საგანგაშო და სახიფათო შედეგები გამოიღო ჩვენი საზოგადოებისთვის. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული ქურდობის, ძარცვის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გარდა, ფიქსირდება ყველაზე საშიში: ორგანიზებული დანაშაულისა და ყაჩაღობის ზრდა. ბოლო დღეებში დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი, მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული და შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს ამ უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. საზოგადოება პრაქტიკულად, უკვე მიეჩვია საინფორმაციო გამოშვებებში მძიმე კრიმინალური ქრონიკის მოსმენას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებსა და ჩვენს შვილებს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად დაუყოვნებლივ გადასადგმელია ნაბიჯები, რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობას“, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ შეწყვიტოს თანამშრომლობა კრიმინალურ სამყაროსთან და პასუხისმგებლობა გამკაცრდეს, რადგან დანაშაულის ზრდას დაუსჯელობის განცდა იწვევს.
„ჩვენი შეთავაზება ხელისუფების მიმართ არის თანამშრომლობის შეწყვეტა კრიმინალურ სამყაროსთან. არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არამედ შემდეგაც, ისინი დავალებულნი არიან ამ ადამიანების მიმართ. ამავე დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურაა გაზრდილი. ციხის ადმინისტრაციის ნაცვლად სიტუაციას მაყურებლები მართავენ, ხოლო შემდგომ ციხიდან გარეთ ხდება დანაშაულებრივი ქმედებების დაორგანიზება. ეს უნდა შეიზღუდოს. შემდეგი საკითხია პასუხისმგებლობის გამკაცრება. დღეს დაუსჯელობის განცდაა, რომ თუ რაღაცას ჩაიდენ, მაგრამ მერე ნაცნობს ნახავ, ადვილად გამოძვრები. ეს არის ხელისუფლების გზავნილი კრიმინალური სამყაროსადმი. აპელირება ხდება იმაზე, აბა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ხომ არ გვინდაო. სინამდვილეში, ასეთი პოლიტიკა დანაშაულის მიმართ უნდა იყოს კიდეც, უდანაშაულო ადამიანებს არ უნდა შეეხოს, თორემ მძარცველი, ყაჩაღი და მკვლელი ციხეში უნდა იჯდეს. მათ ეს ნება არ აქვთ, რადგან პარტიის თავმჯდომარე საზოგადოებას მოუწოდებს, გაგებით მოეკიდეთო, თვითონ კი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, არანაირი ხიფათი არ ემუქრება და ვართ ასეთ მოჯადოებულ წრეში. ბუნებრივია, მაღალი თანამდებობის პირებს კრიმინალი საფრთხეს არ უქმნის, არამედ, ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეა ყველაზე დაუცველი“, - განაცხადა კახიძემ.
IPN.ge