დამწერლობა, როგორც მეტყველების ფიქსაცია და მისი ტიპოლოგია

16 Mar 2019 04:09



დამწერლობა არის მეტყველების ფიქსაცია, რომელიც  გრაფიკულ ნიშანთა სისტემების საშუალებით სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა განმავლობაში შესანახად გამოიყენება. დამწერლობაში გრაფიკული ნიშნები წარმოდგენს მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამის, სიტყვის, მარცვლის, ბგერის) სიმბოლოებს. დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ 5 ძირითად საფეხურს: 


1. ხატოვანს ანუ პიქტოგრაფიულს, 

2. იდეოგრაფიულს, 

3. სიტყვიერ-მარცვლოვანს (ლოგოგრაფიულ-სილაბურს), 

4. მარცვლოვანს ანუ სილაბურს, 

5. ანბანურს. 



დამწერლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეული სახის ურთიერთდაკავშირებულ ნიშანთა სიმრავლე, რომელიც შინაგანი სტრუქტურის მქონე ერთიანობას წარმოადგენს.   დამწერლობის თეორია, რომელსაც თანამედროვე ენათმეცნიერებაში გრამატოლოგიას უწოდებენ, შეიძლება განვიხილოთ როგორც ნაწილი სემიოტიკისა (სემიოლოგიისა), ანუ ზოგადი თეორიისა ნიშანთა სისტემების შესახებ. დამწერლობის სისტემა თავისთავად, რომელიც მნიშვნელოვან სტრუქტურულ მსგავსებას ავლენს ენობრივ სისტემასთან. დამწერლობის განხილვა როგორც ნიშანთა სისტემისა საშუალებას იძლევა უფრო ღრმად ჩავწვდეთ მის ონტოლოგიურ ბუნებას. ამგვარი წარმოდგენის საფუძველზე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დამწერლობის ზოგადი ტიპოლოგია და განისაზღვროს დამწერლობის როლი ადამიანის კულტურულ განვითარებაში. 



დამწერლობა,  როგორც სემიოტიკური სისტემა შედგება ნიშნის ბუნების მქონე ვიზუალური სიმბოლოებისაგან. ყოველი გრაფიკული ნიშანი-სიმბოლო წარმოადგენს ორპლანიან ერთეულს, ანუ სისტემურ ერთეულს, რომელსაც აქვს ორი მხარე: გამოხატულებისა და შინაარსისა. გრაფიკული ნიშნის გამოხატულება, არის ის ფიზიკური სუბსტანცია, რომლის მეშვეობითაც ნიშნის ვიზუალური წარმოდგენა ხორციელდება, შეიძლება იყოს ნახატი, გეომეტრიული ნიშანი ან ფიგურა. გრაფიკული სიმბოლოს შინაარსი, არის ყველაფერი, რასაც მოცემული სიმბოლო უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ცნება, იდეა, რიცხვი, სიტყვა, მარცვალი ან ცალკეული ბგერა. წერითი სისტემა, თუ მას განვიხილავთ როგორც ნიშანთა სისტემას, ხასიათდება ორი პლანით _ გამოხატულებისა და შინაარსის პლანით _, რომლებსაც მათი დუალური ბუნების გამო, გარკვეული წერითი სისტემის გრაფიკული ნიშნები უკავშირდება. წერითი სისტემის ამგვარი დუალური ბუნება იძლევა დამწერლობის ტიპოლოგიური კლასიფიკაციის შესაძლებლობას.    


გამოხატულების პლანის მახასიათებლების, შინაარსის პლანის მიხედვით შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ტიპოლოგიური კლასი:

(ა) სემასიოგრაფია ანუ იდეოგრაფია და

(ბ) ფონოგრაფია.

სემასიოგრაფია წერითი სისტემების იმ კლასს განსაზღვრავს, რომლებშიც გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა კონკრეტული ენის ფონეტიკურ მხარეს არამედ კონკრეტულ ცნებებს და ზოგჯერ  მთლიან სიტუაციასაც. სემასიოგრაფიულ წერით სისტემებში შინაარსის პლანი, რომელიც მოცემული ენის სიტყვებითა და ფრაზებით გამოიხატება, პირდაპირ აისახება ნიშნებში. იდეოგრაფიული (სემასიოგრაფიული) სისტემების ნიშნებს, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ცნებებთან, მაგრამ მოკლებულია კონკრეტული ენის სიტყვათა ფონეტიკურ გარსს, ერთნაირად იგებენ და სწორადაც კითხულობენ სხვადასხვა ენის ის წარმომადგენლები, რომლებიც იცნობენ ამ ნიშნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლობენ ცოდნას ამ ნიშნებსა და ცნებებს შორის არსებული მიმართებების შესახებ. იდეოგრაფიულ წერით სისტემებში ნიშნები შეიძლება გრაფიკულად მსგავსი იყოს რეალური სამყაროს იმ ობიექტებისა, რომლებსაც შესაბამისი ცნების მეშვეობით უკავშირდებიან. როდესაც იდეოგრაფიული სისტემის სიმბოლოები გარეგნულად არ ჰგვანან რეალური სამყაროს იმ ობიექტებს, რომლებსაც უკავშირდებიან შესაბამისი ცნებითი კატეგორიების მეშვეობით. 

 

ფონოგრაფიულია ის წერითი სისტემები, რომლებშიც აღმნიშვნელი უკავშირდება ენის არა უნივერსალურ კონცეპტუალურ კატეგორიებს,  არამედ ამა თუ იმ ენის კონკრეტულ ფონეტიკას.. წერითი სისტემის ცოდნა, როდესაც ეს სისტემა ფონოგრაფიულია, გულისხმობს წინასწარ ცოდნას იმ მიმართებისა,  რომელიც არსებობს ნიშანსა და მოცემული ენის კონკრეტულ ფონეტიკურ სიტყვას ან უფრო დაბალი დონის ბგერით სეგმენტს. საკუთრივ წერა ძირითადად გულისხმობს (ყოველგვარი დასაბუთების გარეშე) ჩანაწერს ფონოგრაფიული სისტემის გამოყენებით. ამგვარად, ფონოგრაფიულ სისტემაში წერა უკვე მეტყველებას უკავშირდება. დამწერლობის ტიპოლოგიაში ანბანური სისტემა უმაღლეს დონეს განეკუთვნება. იგი ყველაზე ეკონომიურია როგორც მეტყველების შედარებით ლყოფილად ჩაწერისათვის (საჭირო ნიშანთა რაოდენობის თვალსაზრისით), ისე ინფორმაციის გრძელ მანძილზე გადაცემის თვალსაზრისითაც. ანბანური წერის ფორმით კაცობრიობამ შეიძინა მეტყველების ჩაწერისა და მისი სივრცესა და დროში გადაცემის მარტივი და ეფექტური საშუალება. 

 

თავის მხრივ, ანბანური სისტემა იყოფა ფონოლოგიურ და ფონეტიკურ ტიპებად. ფონოლოგიურ სისტემაში გრაფიკული ნიშნებით მხოლოდ ენის ფონემური ერთეულები აღინიშნება, ფონემის ბგერითი ვარიანტები არაა გათვალისწინებული მიუხედავად იმისა, ფონეტიკურად რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავება მათ შორის. ფონოლოგიური დამწერლობა წარმოადგენს ენის ბგერითი ფორმის ხელოვნურ ჩანაწერს იმ ფონოლოგიური (ფონემური) ერთეულების ტერმინებში, რომლებიც სპეციალური ლინგვისტური კვლევის შედეგად გამოიყოფა.  წერის ფონეტიკურ სისტემაში გამოიხატება ენის ცალკეული ბგერითი ერთეულები, მიუხედავად მათი ფონემური სტატუსისა ენობრივ სისტემაში. 

 

ფონოგრაფიულ სისტემაში გრაფიკული ნიშნები, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის მიმართების თვალსაზრისით, შეიძლება დახასიათდეს როგორც პიქტოგრაფიულიცა და როგორც პირობითიც.  ამგვარია ვითარება ლოგორაფიულ სისტემებში, სადაც ნიშნები შეიძლება იყოს როგორც პიქტოგრამები, ისე პირობითი გრაფიკული სიმბოლოები. ამ თვალსაზრისით, სილაბოგრაფიული და ანბანური დამწერლობებისათვის მხოლოდ პირობითობაა დამახასიათებელი, რამდენადაც ამ სისტემებში გრაფიკულ სიმბოლოთა აღსანიშნები, თავის მხრივ, არ წარმოადგენენ ნიშნებს და მოკლებულნი არიან შინაარსს. სწორედ ამის გამო, აღსანიშნები ამგვარ სისტემებში არაფრით არ შ ეიძლება ჰგავდნენ შესაბამის აღმნიშვნელებს. ამგვარად, დამწერლობის შინაარსის პლანი წარმოადგენს სხვადასხვა დონის ენობრივი ულების (ბგერების, მარცვლების, სიტყვების, რიცხვების და ა.შ.) ერთობლიობას, რომლებიც სხვადასხვა წერით სისტემაში განსხვავებული გრაფიკული სიმბოლოებით გამოიხატება და რომელთა კონკრეტული სიმრავლე შეადგენს შესაბამისი წერითი სისტემის გამოხატულების პლანს. 

 


წყარო: გამყრელიძე თ. "ენა და ენობრივი ნიშანი"

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი