"დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდი, განათლების წარმატებული რეფორმის უკუსვლის, პოლიტიზირების წლები იყო " - მარიამ გერსამია განმარტავს, რატომ არ უჭერს მხარს UNM-სპოლიტსაბჭოში ახალი წევრების დამატებას

25 Mar 2019 17:04

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ გერსამია, საკუთარი "ფეისბუქ"-გვერდის მეშვეობით განმარტავს, რატომ არ უჭერს მხარს პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი წევრების დამატებას.


მარიამ გერსამიას განცხადებას,  საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ: 


"ჩემი აზრით, ძლიერი და თვისობრივად განახლებული ოპოზიცია ამ ქვეყანას, როგორც არასდროს ისე სჭირდება, ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, პრინციპულობის და ღირებულებების ბოლომდე ერთგულება.


ყრილობაზე პარტიის ახალი თავ-რის, აღმასრულებელი მდივნის და პოლიტსაბჭოში დამატებით ახალი წევრების არჩევა მოხდა. მე მხარი დავუჭირე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას პარტიის თავ-რის თანამდებობაზე და წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ძალიან რთულ ბრძოლაში. ასევე, მხარი დავუჭირე აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურას.


რაც შეეხება არსებული პოლიტსაბჭოსთვის ნდობის გამოცხადებას (რომლის შემადგენლობაში მეც ვარ) და ახალი წევრების დამატებას, ამ საკითხის მხარდაჭერისგან მე თავი შევიკავე რამდენიმე მოსაზრების გამო. პირველი იმიტომ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ფორმატის პოლიტსაბჭო უკვე არაპროდუქტიულია და აუცილებელია მისი განახლება (შესაძლოა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება და/ან ახალი სახეებისთვის მეტი ასპარეზის მიცემა). მხარდაჭერისგან თავის შეკავების მეორე მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ 10 წევრი დაემატა, რომელთა შორისაც ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინია. მე, როგორც ენმ-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდი (2010-12) იყო განათლების და მეცნიერების წარმატებული რეფორმის უკუსვლის წლები, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა განათლების სისტემა და მოახდინა მისი პოლიტიზირება (რამაც უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია ქართული ოცნების მმართველობისას!). ჩემი ხედვა იყო და არის, რომ უმთავრესი ამოცანა განათლების სისტემის რეფორმირებისას სისტემის დეპოლიტიზირება, დეცენტრალიზება და პარტიული დავალებებისგან დისტანცირებაა! და ვიმედოვნებ, რომ ამას ოპოზიცია შესძლებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე საზიანოდ მივიჩნევ თუნდაც ამ ფორმატის პოლიტსაბჭოში იმ ჩინოვნიკისთვის ხმის მიცემას, რომელიც როგორც მენეჯერი, თავისი მინისტრობისდროინდელი საქმიანობით სწორედ სისტემის პოლიტიზირებასთან ასოცირდება.


ნებისმიერ გაერთიანებასა და განახლებაში, მთავარი არის ღირებულებებზე თანხმობა და საერთო პრინციპების ერთგულება. ამიტომ, ვისურვებდი, ახლა და მომავალში (იმის და მიუხედავად, მთავრობაში ვართ თუ ოპოზიციაში) სწორედ იმ ფასეულობების გაფრთხილებას, რომლის გამოც ჩვენმა მხარდამჭერებმა მომავალში ხმა უნდა მოგვცენ."- განმარტავს გერსამია. 


კომენტარები:

ფართი შოპი