“ცხადზე ცხადია, რომ დღეს ყველა დეპუტატი ფიქრობს არა ქვეყნის ბედ-იღბალზე, არამედ საკუთარ ადგილზე “ქართული ოცნების” მომავალ საპარლამენტო სიაში. ზოგი თავს ისევ "ქართულ ოცნებაში" ხედავს, ზოგმა იცის, რომ მისთვის კარი, სავარაუდოდ, დაიხურება და ამიტომაც სხვა გზებს ეძებს. დღეს “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული დილემა, როგორ გადაახალისოს პარტია ისე, რომ 2020 წლისთვის ის უნარიანი იყოს და წარმატებას მიაღწიოს.
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილი ფსონს ისევ დებს იმ პირებზე, რომლებსაც უპირობოდ ენდობა”... - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეფორმები გიორგი შენგელაიას ფილმის „მიდიოდა მატარებელი“ სიუჟეტს ემსგავსება” / “ლიბერალურმა დამოკიდებულებამ, პოლიციასა და სასჯელაღსრულების სისტემაში შეცვლილმა მიდგომებმა მეტი თავისუფლება მისცა კრიმინალებს. დღეს აღარც პოლიციისა და არც ციხის აღარ ეშინიათ”.
“ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხალხს ეძებენ ერთგულებისა და არა პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი თავისუფალიცაა და მისი მართვა რთულია. ამიტომ ასეთები აშინებთ. ამგვარი ადამიანების მოთოკვა და მოთვინიერება შეუძლებელია. მოკლედ, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: ან პროფესიონალები და საღად მოაზროვნე ძლიერი პიროვნებები უნდა მოიყვანონ პარტიაში, ან მორჩილი ცხვრის ფარა, რომელიც მხოლოდ ღილაკის დამჭერი იქნება, თან ისე, რომ არ აერიოს. თუმცა აქაც დიდი პრობლემა აქვს ივანიშვილს, დაუჭერს კი ცხვრის ფარას საზოგადოება მხარს? ღრმად ვარ დარწმუნებული, რამდენიმე თვეში აუცილებლად გატარდება სამთავრობო რეფორმა, ვგულისხმობ რადიკალურ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და გაცემულ დაპირებებს, თუ მთლიანად არ შევცვალეთ ეკონომიკური მოდელი და არ დავიწყეთ ძალიან სწრაფად სამეწარმეო ეკონომიკის განვითარება, არაფერი გამოვა. სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და ვერც უმუშევრობას შევამცირებთ. ადრე თუ გვიან, ეს გასაკეთებელია. რატომღაც ჩვენს მმართველ გუნდს უნდა, რომ ქვეყანა ლამის მონათმფლობელური წყობილებიდან კონსტიტუციურ წყობილებაში მრეწველობის განვითარების გარეშე გადავიდეს, რაც შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“თავის მხრივ, რთულ ვითარებაშია ოპოზიციური ფლანგიც. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ჯერ გაუგებარია, რა კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციაში. ვნახეთ რამდენიმე შეთანხმება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი და მტკივნეულიც კი არის სხვა რამ - ის, რომ ადამიანები თავიანთ პრინციპებს ივიწყებენ და რაციონალიზმზე ფიქრობენ, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძოდნენ, დღეს მასთან ალიანსში შედიან. შალვა შავგულიძესაც ვგულისხმობ და ბევრ სხვასაც - ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმაც განაცხადა, რომ არ გამორიცხავს “ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას. ჩემი აზრით ეს, ცოტა არ იყოს, არაეთიკურია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ ადამიანებს აქვთ ასეთი კონტრკითხვა: მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” სისტემურად ლამის შეერწყა “ნაციონალურ მოძრაობას”, მათი ნაბიჯი რატომ არის ამორალური?” - პასუხობს:
“ჯერ ერთი, ერთის ამორალურობა მეორეს რატომ შეიძლება ამართლებდეს? მეორეც - ვფიქრობ, შერწყმაზე ლაპარაკი გაზვიადებულია. სასამართლო სისტემაში “ქართული ოცნება” ნამდვილად ცდილობს იმ სისტემის გამოყენებას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოაყალიბა, რაც ასევე არასწორია, თუმცა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება მაინც ძალიან დიდია. უპირველესად, ეს ჩანს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომლებიც დღეს გაცილებით გაძლიერებული არიან და მეეჭვება ამას რამე დაემუქროს”.
“რაც შეეხება მინისტრების გამოსვლების შეფასებას, დავიწყოთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანით, რომლის წასვლა-დარჩენის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო. მან ამჯერადაც შეინარჩუნა სავარძელი და ტრადიციულად ისმის კითხვა: როგორ, რის ფასად ინარჩუნებს ის თანამდებობას? ერთი რამ ცხადია, წულუკიანი თანამდებობის შენარჩუნებას ახერხებს არა პროფესიული ნიშან-თვისებებისა და წარმატებების გამო, არამედ ძალაუფლების განაწილების სხვა მექანიზმებით. აშკარაა, 2012 წლიდან მას ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა მისი შეცვლა არაერთხელ სცადეს. წულუკიანი საქმეში წარმატებულად ვერ ჩაითვლება და ამას მოწმობს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება. ამ სისტემის რეფორმირება სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი რაც არის, ვხედავთ. ჩემთვის ბევრი რამის მთქმელია ერთი ფაქტი - როცა ის მთავრობაში მოვიდა, თავის მოადგილედ წარადგინა სანდრო ბარამიძე, რომელსაც ვიცნობ და ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან და პროფესიონალ იურისტად მიმაჩნია. ბარამიძის სამინისტროდან წასვლამ აშკარა გახადა, რომ თეა წულუკიანმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და ეს გაპიარებული რეფორმა იმისკენ კი არ იყო მიმართული, რომ რეალურად გაჯანსაღებულიყო სასამართლო სისტემა, არამედ ყველაფერი კეთდებოდა ფასადურად, სინამდვილეში კი უნდოდათ მიეღოთ მართვადი სასამართლო. ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის წასვლა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაარაერთხელ გაიმეორა, რომ თუკი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფო ან მოძებნის სხვა ინვესტორს, რომელიც პორტისთვის დაფინანსებას მოიძიებს, ან ანაკლიის პორტი შესაძლოა თავად ააშენოს - სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, თქვენს გაზეთთან ჩემი ერთი თვის წინანდელი ვარაუდი მართლდება - ამას ხელისუფლებაც აღარ მალავს! ვფიქრობ, ეს მთლად მთავრობის ინიციატივა არ არის და გარკვეულწილად უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, მაგრამ თავს შევიკავებ ამჟამად მეტის თქმისგან, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება. ერთი რამ ცხადია - როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი იყო უმნიშვნელოვანესი, დღეს ასეთივე მნიშვნელობისაა ანაკლიის პორტის პროექტი. იმედია, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობა ყველას ესმის და ხვდება, რომ მისი რეალიზება აუცილებელია. ახლა მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიღებული, მათ შორის უმთავრესად ჩვენი სტრატეგიული ნატოელი პარტნიორებისა. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით, ყველანი ვხედავთ შედეგებს, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე დანამდვილებით არაფერი ვიცით”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“რაც შეეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას პრივილეგირებულ ბიზნესმენებზე, რითაც მან მამუკა ხაზარაძეზე მიანიშნა, ასეთი ბიზნესმენები თუ სხვა დარგის წარმომადგენლები თითქმის ყველგან, მით უფრო ჩვენისთანა ქვეყანაში, შეიძლება არსებობდნენ, თუმცა ისიც აქსიომაა, რომ პრივილეგირებულთა ჩანაცვლება ხდება ძალაუფლების მქონე პირთა შეხედულებების ცვალებადობასთან ერთად, ოღონდ ეს ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ეხებოდეს და მით უფრო, არ უნდა აზიანებდეს... რაც შეეხება კრიმინალს, ლიბერალურმა დამოკიდებულებამ, პოლიციასა და სასჯელაღსრულების სისტემაში შეცვლილმა მიდგომებმა მათ მეტი თავისუფლება მისცა. დღეს აღარც პოლიციისა და არც ციხის აღარ ეშინიათ. სააკაშვილის რეჟიმის დროს იქ მოხვედრა ყველას აშინებდა, რადგან იცოდნენ, რა ჯოჯოხეთიც ელოდათ. დღეს, მგონი, ციხეში უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ზოგიერთს შინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ვითარების გამოსწორებაზე არ უნდა იზრუნოს”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“მინდა მივმართო განათლების მინისტრს და ვუთხრა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომლებიც მისგან თუ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, სწორია. ვეთანხმები, რომ განათლების ხარისხი უნდა ამაღლდეს, გატარდეს ძირეული სასკოლო რეფორმა, გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი და ა.შ., მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ავიწყდებათ - ვინ უნდა მისცეს განათლება მოსწავლეს? მიპასუხებთ, მასწავლებელმაო და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ სფეროში რა კატასტროფული მდგომარეობაა. რატომ გააუქმეს მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები? იმიტომ, რომ უდიდესმა ნაწილმა მისი ჩაბარება ვერ შეძლო. მასწავლებელი განათლებას იღებს უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ, ვფიქრობ, უმაღლესი სასწავლებლის რეფორმით უნდა დავიწყოთ, სადაც ასევე კატასტროფული მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ზედმეტად დემოკრატიული კანონი გვაქვს და უნივერსიტეტებში რექტორს ირჩევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც, ძირითადად, შედგება მოძველებული, ხავსმოკიდებული პროფესორებისგან, რომელთაც ნამდვილად აკლიათ კომპეტენცია, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, განათლების დონე როგორ ამაღლდეს, არამედ იმაზე, როგორმე ისეთი რექტორი აირჩიონ, რომელიც მათ სამსახურიდან არ გაუშვებს. ჩვენ ვერაფრით შევცვლით ვითარებას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა უმაღლესი განათლება. უნივერსიტეტებში უნდა მოვიდნენ კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.