“ხელისუფლება კრიმინალს რომ ვერ აკონტროლებს, მე ამის დიდი სტატისტიკა არ მჭირდება... მანქანის ბაკიდან ბენზინის ამოღება, მე ნუცუბიძეზე ცხოვრობდი 90-იან წლებში, იმის მერე არ გამიგია. აგრეთვე არ გამიგია ამ ქუჩის “რაზბორკების”, ჩხუბის, დანის დარტყმის დროს პოლიცია არ მოსულიყოს - გვახსოვს დრო, როდესაც პოლიცია გამართულად მუშაობდა და დანის დარტყმა კი არა, ხმამაღალ საუბარზეც დროული რეაგირება ხდებოდა. აქვე უნდა დავაზუსტო, რომ წმინდა დანაშაულის სტატისტიკაზე მეტად იმატებს კრიმინალური მენტალიტეტი, რომელსაც არც ერთი სტატისტიკა არ ზომავს, რაც კიდევ უფრო საშიშია”, - აცხადებს “თავისუფლი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მანქანის ბაკიდან ბენზინის მოპარვა 90-იანი წლების მერე არ გამიგია” / კახა კუკავა: “დანაშაული იმიტომ იმატებს, რომ ერთიანი ხელისუფლება არ გვყავს”.
“შეიძლება წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ათასი ქურდობა და ახლა ხდება ორი ათასი ქურდობა, მაგრამ სინამდვილეში უფრო მძიმედაა საქმე - ანუ ორჯერ კი არ გაიზარდა დანაშაული, არამედ ახალგაზრდებში ისევ ბრუნდება კრიმინალული მენტალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს წლებში იქნება კრიმინალური აფეთქება, თუ ეს ხელისუფლება დარჩა. რამდენიმე წლის წინ “ქუჩურად ბაზარს” ვერავინ ვერ ბედავდა, იმიტომ რომ კარგად იცოდა, რომ მაშინვე მოექცეოდა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ. დღეს კი ეს კარგ ტონად ითვლება - იმიტომ რომ ვინც “ქუჩურად ბაზრობს”, ისინი სამართალდამცავი ორგანოების ფოკუსში კი არ ექცევიან, არამედ მმართველი პარტიების შტაბები ქირაობენ და ფულს უხდიან... ჩვენი პარტია აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას რამდენიმე საქმეზე - როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები გაათავისუფლეს ციხიდან, მთავრობამ ბინა უქირავა თბილისის სხვადასხვა უბნებში. ამას დეტალურად ვიძიებთ და დავდებთ მასალებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
“საქმე მხოლოდ შსს სამინისტროში არ არის, პრობლება სხვა რამეშია - ერთიანი ხელისუფლება, როგორც ასეთი, საქართველოს არ ჰყავს. საქართველოში არსებობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, რომელიც არის ცალკე, ასევე პარლამენტში პატარ-პატარა ჯგუფები არის ცალკე - ეს ბოლო პერიოდში კარგად გამოჩნდა, და მთავრობაში ცალკეული მინისტრებიც არიან ყველა ცალ-ცალკე. ამ ადამიანებში მუდმივი და სისტემური ბმა, რომ ისინი არიან საქართველოს ხელისუფლება, არ არსებობს. არის თემატური ბმა, მაგალითად, როცა კონსტიტუციაა მისაღები, ივანიშვილი ამას ავალებს კობახიძეს, როცა არჩევნებია გასაყალბებელი, ამას ავალებს რომელიღაც სხვა მინისტრს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში დანაშაულთან ბრძოლა შეუძლებელია. შს სამინისტრო გიპასუხებთ და შესაძლოა სამართლიანადაც, რომ ყველაფერს აკეთებს კრიმინალთან დაკავშირებით რასაც შს სამინისტრო უნდა აკეთებდეს და სწორიც არის, მაგრამ როცა პრობლემა სისტემურია, იმას ერთი სამინისტრო ვერ მოუვლის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შს სამინისტრომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა დააპატიმროს, თუ არჩევნების წინ კობახიძე იტყვის გამოუშვით, 5 ათას ხმას გვიკეთებსო, აქ დამთავრდა კრიმინალთან ბრძოლა. ხელისუფლების ცვლილების გარდა აქედან გამოსავალი არ არსებობს. ამ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა - დადგენილია, რომ 8 წელი არის მაქსიმუმი, როცა შეიძლება ხელისუფლებამ რაღაცა აკეთოს. “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავისი თავი, - ინტელექტუალური, მორალური, ფიზიკური - ყველაფერი ამოწურა, ძალიან რომ უნდოდეთ, ვეღარაფერს გამოასწორებენ. აღარ შეუძლიათ, მათ სიტყვას ფასი დაკარგული აქვს”, - დასძენს კუკავა და შეკითხვაზე - “ოცნება” აქტიურად ემზადება 2020 წლისთვის” - პასუხობს:
“საპარლამენტო არჩევნების მოგებისთვის შევარდნაძეც ემზადებოდა 2003 წელს. რესურსების ამოწურვას რომ არ აღიარებენ, რესურსების არქონის ერთ-ერთი დამადასტურებელია, თორემ ამას რომ ცნობიერებდნენ, იმას მაინც გააკეთებდნენ, რომ მშვიდობიანი წასვლისთვის მომზადებულიყვნენ. ამასაც რომ ვერ აცნობიერებენ, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ 2020 წელს, სავარაუდოდ, ჩვენ რაღაც დრამატული მოვლენები არ აგვცდება”.