ზაზა პაპუაშვილი კობახიძის ჯგუფს “ურჩევს”, რომ “დამშვიდნენ”
“მე განვეკუთვნები იმ დეპუტატების რიგს, ვისაც ვიღაც ფეხის ბაკუნით და ხელის გაშვერით ვერ დამელაპარაკება. მე მივეკუთვნები იმ დეპუტატთა რიგს, ვინც იცის ერთგულება, გუნდური თამაში, ნებისმიერ ბრძოლაში თავდაუზოგავად გადაშვება, პატიოსნად მსახურება. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ დაყოფის - ახალგაზრდები და ძველგაზრდებად. ეს არ იყო სწორი ტენდენცია. ჭკუანაკლული ძველგაზრდაც მინახავს და ახალგაზრდაც, ისე როგორც ნორმალური. მე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი შიდა კონფლიქტების და დაძაბულობების. ჩემი აზრით, რაღაც კონფლიქტური ვითარება როცა ხდება, ჩვენ იქ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის და ამ კინკლაობის და დაძაბულობის ავტორები ხშირად ისინი არიან ვისზეც თქვენ მელაპარაკებით. ხშირად ისინი არიან ავტორები ასეთი უთანხმოების და დაძაბულობის. ეს გუნდობაც მასმედიის შემოტანილია. კობახიძეს შეიძლება ჰყავდეს რაღაც ჯგუფი, მაგრამ ისე არ არის, რომ გუნდებად დაიყოს. მე ვლაპარაკობ, რომ ხშირ შემთხვევაში - ხშირზე ხშირად, ჩემი აზრები არ ემთხვევა იმ ჯგუფის აზრებს, ვისაც თქვენ ახლებად და უწვერულვაშოებად მიიჩნევთ...” - აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ“რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა პაპუაშვილიკობახიძის ჯგუფს “ურჩევს”, რომ “დამშვიდნენ”.
“მაგ დეპუტატების მისამართით ვიტყვი, რამდენად სწორია და უფლებამოსილები არიან ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ? არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა. ეს საპარლამენტო ვადა ნორმალურად დამთავრდეს, ქვეყნის არევა არ დავიწყოთ და მერე ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ, ასე ვერ გაგრძელდება... მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ. ან სხვანაირად უნდა გაირჩეს ეს. დეპუტატები მამუკა მდინარაძე და სოფო კილაძე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც არ სურდა, ამაზე ლაპარაკობენ, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილი და შეკითხვაზე - “თავად ირაკლი კობახიძის საქმიანობას როგორ შეაფასებდით?"
“არის თემები, რომელშიც ვურჩევ, რომ კარგად გაერკვეს და არის თემები, რომელშიც ეშლება. თუ გინდათ ხისტი დაუძახეთ. ჩემთვის არის თემები, რომელშიც ეშლება - დაკმაყოფილდით ამ განცხადებით, რასაც ვამბობ. მე ვლაპარაკობ იმას, რომ არის თემები, სადაც მას ეშლება და რომ არ შეშლოდა, შეიძლება ამას გართულებები არ მოჰყოლოდა. თქვენთან ინტერვიუში აღვიჭურვე მაქსიმალური მოთმინებით, მაქსიმალური დელიკატურობით. თქვენ გინდათ რაღაც მხარეებზე გადამაგდოთ და გადმომაგდოთ. ამ ვითარებაში ვფიქრობ ასე, რა არის ჩემთვის ადამიანურად და ფასეულად მიუღებელი და მე მგონი სიგნალებით ლაპარაკით დელიკატურობა დავიცავი. ზღვას არ გადავდივარ. ვამბობ, რომ დაყოფა, ცეცხლზე ნავთის დასხმა, შეურაცხყოფები, შეღიტინებები, გამოწვევები შეწყდეს. ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას იქ, სადაც საჭიროა, დავაფიქსირო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ფიქრებს და აზრებს ანგარიში გაეწევა. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის საუბარი, რომელსაც მოთმინება აქვს, მაგრამ მოთმინება მასაც ელევა”.