"დამსვენებელთა ნაწილის თქმით, ფაფა იყო მჟავე და არასაკმარისი ოდენობით... სასადილოს საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია..."- მერიის მონიტორინგის შედეგები

07 Jul 2017 00:57

ლიკა ფირცხალავამ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სკანდალური ფოტო გაავრცელა:


"ეს არის ბავშვების საუზმე ბაკურიანში - სასტუმრო რიწა... ბავშვების რომლებიც არაინ შშმ პირები და ეს არის 4 ადამიანზე გათვლილი. ძალიან მაინტერესებს თბილისის მერიას გძინავთ?!  იქნებ მორჩეთ ჩვენი მასხრად აგდებას და მოგვაქციოთ ყურადღება!"


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა. საქალაქო სამსახური საქმის კურსში ჩავაყენეთ და გვითხრეს, რომ ადგილზე გაემგზავრა თბილისის მერიის მონიტორინგის ჯგუფი. დაგვპირდენ, რომ მონიტორინგის შედეგებს გაგვაცნობდნენ.


მონიტორინგის შედეგებს საინფორმაციო პორტალი "მხარე" გთავაზობთ უცვლელად:


თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  საქალაქო სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, 5 ივლისს, ბაკურიანში სასტუმროებში „თეთრი სახლი“ და „რიწა“ არაგეგმიური მონიტორინგი განახორციელეს. აღნიშნული სასტუმროები ემსახურებიან თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას“.


მონიტორინგის მიზანი იყო სასტუმროებში, კერძოდ, სასადილო ბლოკში არსებული მდგომარეობის შეფასება-ანალიზი. შშმ პირთა და მათ მომვლელთა საჭიროებების დადგენა, მათთან გასაუბრების გზით, სასტუმროში დარღვევა–ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში კი, მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების გაცემა.


მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასადილოს საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, დღის მენიუ არ იყო თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.


პროგრამის ფარგლებში დამსვენებელთა მცირე ნაწილის განცხადებით, წინა დღეებში საკვები დაბალი ხარისხის იყო. კერძოდ, ფაფა იყო მჟავე და არასაკმარისი ოდენობით, თუმცა, მშობლების დიდმა ნაწილმა აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა.


მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა 5 ივლისის დილის მენიუც, რომელიც მკაცრად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.


გარდა ამისა, ჯგუფმა შეამოწმა სასტუმროს ნომრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რადგან ბენეფიციართა ნაწილმა ნომრების სისუფთავესთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა. გამოკითხული მშობლების უმრავლესობამ აღნიშნულს სიცრუე უწოდა და  განმარტა, რომ დასუფთავება ხდება მშობლების სურვილისამებრ, სასტრუმროს მომსახურე პერსონალის მიერ.


ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამის მსვლელობის მანძილზე, სისტემატურად განახორციელებს გეგმიურ და არაგაგმიურ მონიტორინგს, რათა პროგრამაში ჩართულმა სერვისის მიმწოდებლებმა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი