„არ შეიძლება ყველა სხდომას იწყებდეთ ასეთი გამოხტომით, ბატონო აკაკი"- ირაკლი კობახიძე ბობოხიძეს

02 Apr 2019 14:56

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, გვიან დაიწყო.


როგორც მან აღნიშნა, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა.


„ბატონო ირაკლი, ხედავთ ხომ, რომ ნამდვილად აქ ვარ. 11:50-ზე სხდომათა დარბაზში ვიყავი, მაგრამ მაინც მე გამოვდივარ დამრღვევი. რეგისტრაცია დაიწყოს იმ დროს, როდესაც არის დათქმული. გავივლი რეგისტრაციას და წავალ მერე, არ დაგელოდებით. რა გამოდის იცით, რომ დარბაზში ვზივართ უსაქმურები და საქმიანები ვერ იცლით მოსასვლელად. 12:00 საათზე აქ ვიჯექი და დამრღვევი მაინც მე გამოვდივარ? უბრალოდ ნახევარ წუთში შემოსვლა ვერ მოვასწარი. ამის დარეგულირება შესაძლებელია, ოღონდ სურვილია საჭირო,“ - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ბობოხიძემ, რის საპასუხოდაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ის ნამდვილად არის რეგლამენტის დამრღვევი".


„არ შეიძლება ყველა სხდომას იწყებდეთ ასეთი გამოხტომით, ბატონო აკაკი,“- უპასუხა ირაკლი კობახიძემ ბობოხიძეს.

IPN.ge



კომენტარები:

ფართი შოპი