დღეს არჩილ ტატუნაშვილს 36 წელი შეუსრულდებოდა

02 Apr 2019 21:52

საქართველოს ეროვნულ გმირს, არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მივიდნენ.


როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, დამნაშავეთა დასასჯელად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.


"ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ის უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას სიცოცხლე მოუსწრაფა და ოჯახს, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს თარიღი ტრაგედიად უქცია, ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან. თუმცა, დღესაც ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და მთლიანად სახელმწიფო, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ მკვლელობაში დამნაშავეები დაისაჯონ და მომავალში აღარ ხდებოდეს ის, რაც ოკუპაციის პირობებში ხდება. იმ მიზნებს მივაღწიოთ მშვიდობიანად, რასაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს შეეწირა. ასევე, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია ირაკლი კვარაცხელიას საქმე. 


მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ ჩემი და სახელმწიფოს სახელით. გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გმირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


"მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ ჩემ შვილს. გამოძიებამ რაც შეძლო, არ დაიშურეს ძალისხმევა და ორი პირი მაინც დაადგინეს, ის ორი დამნაშავე, რომლებმაც დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. ყველამ ვიცით, რომ გამოძიებას იქით მხარეზე ხელი არ მიუწვდება. იმედი მაქვს და შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება", - თქვა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა. 


არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა შარშან, 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი, გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.  


35 წლის ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის  შემდეგ გადმოსცეს. ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი, ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა.


არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი, რომელშიც  წერია, რომ 35 წლის ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. 


უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი