"გვესმის მკაცრი შეფასებები, რომ თურმე კრიტიკა არის თავდაცვის ძალების ძირის გამოთხრა" - გიგა ბოკერია

05 Apr 2019 01:03

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს პარლამენტში გამოსვლისას ზოგადად უპასუხა ოპოზიციის კითხვებს ინტერესთა კონფლიქტთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს მინისტრის გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ოპოზიციას ესმის მკაცრი შეფასებები, რომ თურმე კრიტიკა არის თავდაცვის ძალების ძირის გამოთხრა, თუმცა, ბოკერიას თქმით, ეს აბსურდული ბრალდებაა.


„ვერ მივიღეთ პასუხი ბევრ კითხვაზე. მინისტრს ტონალობა არ ჰქონდა აგრესიული, შინაარსი ჰქონდა ტრადიციული "ქართული ოცნებისთვის", მხილება უსამართლო კრიტიკისთვის მედიის ან პოლიტიკური ოპონენტების. დავსვით კითხვა, რომ წლიდან წლამდე კლებულობს იმ ხალხის რაოდენობა, რომლის გაწვევასაც ახერხებენ, თუმცა, რატომ არის ეს კლიმატი და რატომ არიან ასე ჩაჯინებულები, როცა პროფესიული არმიის სისტემა წყვეტს ყველა ამ პრობლემას, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ისევე, როგორც ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, ნეპოტიზმთან დაკავშირებით მივიღეთ ზოგადი პასუხები და რატომ არიან ბიძაშვილები და ნათესავები სტრუქტურაში, ამაზე პასუხს მინისტრმა გვერდი აუარა.


როცა გვესმის მკაცრი შეფასებები, რომ თურმე კრიტიკა არის თავდაცვის ძალების ძირის გამოთხრა, ეს აბსოლუტურად აბსურდული ბრალდება. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს მნიშვნელოვანი საკითხები უნდა დავაყენოთ. მერე ისმის კითხვა, სადაც მართლა დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესების, რუსული გზავნილის დამკვიდრება - რომ თურმე ნატო-ში ინტეგრაცია არის საფრთხე, ნატო-ს წვრთნები არის საფრთხე, თურმე ჩვენმა ჯარისკაცებმა დაბომბეს ცხინვალი, ანუ მთავრობის შეცვლასთან ერთად არის რისკი, რომ სამხედროებმა იცოდნენ, რომ ხვალ შეიძლება მთავრობამ წინა მთავრობის ბოღმით, ისინი შეიძლება დაადანაშაულოს მაშინ, როდესაც ისინი სამშობლოს იცავენ. ამ საკითხებზე მინისტრი მკაფიო შეფასებებს თავს არიდებს. ამიტომ აქ არის ის სტანდარტი, რაც შექმნა ივანიშვილის გუნდმა. ამ ტიპის ძალების გამოყენება შიდა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავდაცვისუნარიანობას აზიანებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


 „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი