პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. დეპუტატმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ, მის მიერ მინისტრისთვის გაგზავნილ წერილობით კითხვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კითხვები უპასუხოდ არის დატოვებული, რითაც კანონმდებლობა დაირღვა.
„მე, როგორც დეპუტატმა, სადეპუტატო შეკითხვით მოგმართეთ. თქვენ ან არ გაგვეცით პასუხი, ან პასუხი გაგვეცით ფორმალურად და გადაგვამისამართეთ სხვაგან. აქაც ჩვენ ვერც ერთი პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვენ დაარღვიეთ კანონი. რეგლამენტის თანახმად თქვენ ვალდებული ხართ დეპუტატს გასცეთ პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მოამზადოს რეზოლუციის პროექტი და გამოიყენოს შესაბამისი სანქციები - მიმართოს პრემიერ-მინისტრს, რომ მან გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული შესაძლებლობები. რაზე არ გაგვეცით თქვენ პასუხი: პირველი - საშინლად იზრდება ბიუროკრატია. თქვენ გაზარდეთ შტატები 2019 წელს, 2018 წელს. ძირითადი საშტატო ნუსხა მოცემულია ბიუჯეტში, ხოლო ხელშეკრულებით ადამიანები გადაყვანილია შტატგარეშედ და არავინ იცის რამდენია. თქვენი პასუხი ჩემს კითხვაზე იყო დაცინვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შეკითხვებთან მიმართებაში, რომელიც საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას და სავარაუდო კორუფციას ეხებოდა, ფინანსთა მინისტრს ურჩევნია კანონი დაარღვიოს და პასუხები არ გასცეს მათ.
IPN.ge