"დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს"- სააღდგომო ეპოსტოლე

28 Apr 2019 02:07

"დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის. 


ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი ,,სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.


ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.


საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.


თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, _ მრავ
ალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.


დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, _ შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.


აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, _ როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა."


კომენტარები:

ფართი შოპი