ლევან ლორთქიფანიძე: ბოლოს, ალბათ, ქუჩაში დავჭამთ ერთმანეთს, ნუ გიკვირთ, ყველაფერი ლოგიკურია!

08 Jul 2017 04:57

ლევან ლორთქიფანიძე, „აუდიტორია 115“-ის წევრი:


„რა აძლიერებს მემარჯვენე ექსტრემიზმს საქართველოში?


1. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ეროვნების არქმონე კორპორაციების, მსხვილი ბანკირებისა და სხვა მჩაგვრელების ნაცვლად, ყველა უცხოელს ერთად ბრალდება.


2. სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე.
ვისაც უნდა საზღვარს გადმოწევს, ვისაც უნდა ჟურნალისტს მოიტაცებს, ვისაც უნდა ჩვენთან მცხოვრები მასწავლებლის გადმოცემას მოითხოვს. ჩვენს სახელმწიფოს კი ელემენტარული წინააღმდეგობისა და თავისი ინტერესების უმცირესი დოზით დაცვის უნარიც კი არ აქვს.
ჩვენი ეკონომიკის ყველა სფერო, თითქმის სრულად პრივატიზებულია და მთავრობაზე გავლენიანნი ეკონომიკური ელიტები არიან. შესაბამისად, ხელისუფლებას ვიზიონერული, ალტერნატივების შემქმნელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვს. ამას ემატება მათი მიდრეკილება ბრეჟნევული სტილისადმი. დღეს ჩვენ "ზასტოიში" ვცხოვრობთ, ოღონდ მშიერ "ზასტოიში".


3. მედიის სიყვითლე და სოციალური უპასუხისმგებლობა.
მედია პროსტიტუციის, ბავშვებისა და სხვების გაუპატიურების მცდელობის ფაქტებს უფრო ადეკვატურად, უმცირესი აკადემიზმით მაინც რომ აშუქებდეს, პრობლემის მოგვარებისთვის გაწეული ძალისხმევაც შეიძლება უფრო ჰუმანური და შედეგიანი ყოფილიყო. რა არის თანამედროვე მედიისთვის პრიორიტეტი? ადამიანის ყოფა თუ ჯალათისა და მსხვერპლის ერთ კადრში მოქცევა?
ყველას არ ეხება ეს შენიშვნა, ცხადია ...


4. განათლების სისტემა, რომელსაც ვერ ეღირსა მოწესრიგება და ნორმალური მინისტრი (გემუდარებით, არასდროს შეეგუოთ მის სირეგვენეს!). ერთი ადამიანური სახელმძღვანელო მაინც არსებობს ისტორიაში? როგორ ასწავლიან თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას? ვინმე რამეს უყვება ბავშვებს თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გლობალური პრობლემების შესახებ?


5. მემარცხენე საზოგადოებრივი ჯგუფების სისუსტე და გახლეჩილობა. ზოგიერთი ულტრამილიონერების პარტიის შესასვლელშია დაბუდებული და ყველა დანარჩენს სახელს გვიტეხავს. ვიღაცები რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე, საკმარისის გაღებას ვერ ვახერხებთ. არიან ისეთებიც, რომლებიც პარნასის მთიდან დაგვყურებენ და ჩვენზე მეტ საერთოს ლიბერალურ წრეებთან პოულობენ. ბევრი მემარცხენე იდეებით მინისტრებთან და ჩინოსან პარლამენტარებთან მისასვლელ გზას იკაფავს. ვიღაცებს "მწვანე" აქცენტები აღიზიანებთ და ა.შ. ბოლოს, ალბათ, "ვაიმარის რესპუბლიკის" მემარცხენე ძალების მსგავსად ქუჩაში დავჭამთ ერთმანეთს :)))


მემარცხენე ძალების სისუსტე კი ძალიან აძლიერებს 2000-იან წლებში ჩამოყალიბებულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ დისკუსიებში მხოლოდ ორი მხარე არსებობს - ლიბერალური და კონსერვატიული. ჩვენი სისუსტის კვალდაკვალ, ორივე პოლუსი უფრო დაუნდობელი და აგრესიული გახდება.

და ა.შ.

ნუ გიკვირთ, ყველაფერი ლოგიკურია!


კომენტარები:

ფართი შოპი