"სანდრა რულოვსის გამარჯვება „ოცნებისთვის“ სააკაშვილის გამარჯვების ტოლფასია" - ხათუნა ლაგაზიძე

14 May 2019 03:28

მეორე ტური ლოგიკურად ყველგან უნდა იყოს. მთაწმინდაზე ოპოზიციის გაერთიანებისა და ძლიერი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, „ოცნების“ დამარცხება ყველაზე რეალისტურია - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციის კანდიდატებს ზუგდიდსა და მარნეულში უფრო მყარი პოზიციები აქვთ, ვიდრე „ქართული ოცნებისას“.


„მეორე ტური ლოგიკურად თითქმის ყველგან უნდა იყოს - მთაწმინდაზე, ზუგდიდში, მარნეულში, დიდი ალბათობით ჭიათურაში. რაც შეეხება მეორე ტურში „ოცნების“ გამარჯვების შანსებს, ოპოზიციის პოზიციები უფრო ძლიერია ზუგდიდსა და მარნეულში. ვნახოთ, რას იზამს, ჭიათურა და მთაწმინდა.


მთაწმინდაზე უბრალოდ ძალიან დაქსასული იქნება ხმები და ვინ გავა მეორე ტურში, აქ ამას აქვს მნიშვნელობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ისურვებს და მოახერხებს ოპოზიცია მეორე ტურში გაერთიანებას. ამაზე იქნება დამოკიდებული მთაწმინდაზე „ოცნების“ გამარჯვება.


მთაწმინდაზე ოპოზიციის გაერთიანებისა და ძლიერი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, ყველაზე რეალისტურია „ოცნების“ დამარცხება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


ექსპერტის შეფასებითვე, შუალედურ არჩევნებში ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვებას შესაძლოა, „ქართული ოცნებისთვის“ შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს“. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მარნეულში დამარცხება „ძალიან მძიმე, დამანგრეველი პრეცენდენტი იქნება, თუმცა არა ისეთი მასშტაბით, როგორც ზუგდიდში“.


ხათუნა ლაგაზიძის განმარტებითვე, „ნაციონალების“ ამოცანა ზუგდიდში „ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ხელის შეშლაა, თუ ასეთს ადგილი ექნება“, ხოლო „ოცნების“ მთავარ მიზანს, ექსპერტის თქმით, წარმოადგენს ის, რომ „გაყალბება არ დაფიქსირდეს და ზუგდიდის არჩევნები მოიგონ“.


„ძალიან პირობით რანჟირებას თუ გავაკეთებთ, „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოგება არის ზუგდიდში, შემდეგ მარნეულში და მერე მთაწმინდაზე.


ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვება „ოცნებისთვის“ სააკაშვილის გამარჯვების ტოლფასია. ამიტომაც, მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რომ ზუგდიდში სანდრამ ვერ გაიმარჯვოს. თუ ერთ რაიონში, ერთ საარჩევნო ოლქში მაინც დაიშვა „ნაციონალების“ გამარჯვების პრეცენდენტი, ამას შეიძლება დომინოს ეფექტი მოჰყვეს, ყოველ შემთხვევაში „ოცნება“ ასე აღიქვამს.


მეორე მხრივ, „ნაციონალებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის შემდგომ პირველი გამარჯვება ჩაითვალოს.


მეორე ტური გარანტირებულია. გარემო მშვიდია. ვითარებას არჩევნების დღე გადაწყვეტს, ერთი მხრივ, რამდენად გაბედავს „ოცნება“ და მეორე მხრივ, თუ გაბედავს, რამდენად შეძლებს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას,“ - განმარტა ხათუნა ლაგაზიძემ


კომენტარები:

ფართი შოპი