"ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი" - თამარ ჩუგოშვილი

23 May 2019 22:03

"სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის!", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოფელ აღაიანში მომხდარ შემთხვევას, სადაც გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის დედა 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სკოლებს, შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებას, აქვთ შესაძლებლობა, რეალურად აღიქვან პრობლემის არსი.


"ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და რთულია ამაზე საუბარი. ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. მართალია ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ყველას, დამატებით ყურადღება მივაქციოთ ნაადრევი ქორწინების თემას. ვფიქრობ ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სკოლებს, შესაბამის უწყებებს, საზოგადოებას ჰქონდეთ ადეკვატური აღქმა, თუ რატომ არ ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის!", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 22 მაისს 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დედა დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 


დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები:

ფართი შოპი