„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო" - სალომე ზურაბიშვილი

23 May 2019 22:05

მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ სრულად სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.


კითხვაზე - რას ეტყოდით პუტინს, პრეზიდენტი პასუხობს: „რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში არის ის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება".


სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან გაყინულ კონფლიქტზე კითხვის პასუხად კი განაცხადა, რომ ეს არა გაყინული კონფლიქტები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებია.


„რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე, სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტი ესტონეთში ვიზიტით 16 მაისს ჩავიდა.


კომენტარები:

ფართი შოპი