„ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში და შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათმა კანდიდატმა წააგოს ეს არჩევნები,“ - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის წევრებმა გუშინ ღამით, თბილისის ქუჩებში - მელიქიშვილი, ჭონქაძე, ბარნოვი, ასათიანი - შავგულიძის მხარდამჭერი საარჩევნო ბანერები გააკრეს, თუმცა დღეს დილით ჩამოხსნილი დახვდათ.
როგორც ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბანერები, სავარაუდოდ, თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს და ეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.
„გუშინ ღამით შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის მიერ თბილისის ოთხ ქუჩაზე განთავსდა დიდი ბანერები შალვა შავგულიძის საარჩევნო რეკლამით. ამ დილით გაირკვა, რომ ამ ოთხივე ქუჩაზე ეს ბანერები სავარაუდოდ თბილისის მერიის სამსახურებმა მოხსნეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე, საარჩევნო კანონდებლობის ძალიან უხეში დარღვევა. არ არსებობს ნორმა, რომელიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ბანერების განთავსებას ვინმეს ნებართვის გარეშე. საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძირითადი ნორმატიული აქტია, რომელიც ამგვარი სააგიტაციო მასალების განთავსების წესს არეგულირებს, არ მიუთითებს, არ კრძალავს ხეებს ან სვეტებს შორის დიდი ბანერების განთავსებას. აქედან გამომდინარე, ეს მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან იყო თვითნებური მოქმედება,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში ასეთივე ბანერები სხვა საარჩევნო სუბიექტებსაც ჰქონდათ განთავსებული, თუმცა ისინი არავის ჩამოუხსნია.
„აქვე მინდა მივუთითო ისიც, რომ სხვა საარჩევნო სუბიექტს, ლევან იოსელიანს, მთაწმინდაზე გამოფენილი ჰქონდა ბანერი მისი და მისი თანამოაზრის, ალექსანდრე ელისაშვილის გამოსახულებით. მთელი პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მისი ბანერები ისე იყო განთავსებული, არავის არ მოუხსნია. ასეთივე ტიპის ბანერები „პატრიოტთა ალიანსსაც“ ჰქონდა გამოფენილი მაგალითად, ვარაზის ხევში. მათი ბანერებიც არავის მოუხსნია. გამოდის, ვიღაცისთვის შეიძლება ასეთი ბანერების განთავსება, ჩვენთვის - არ შეიძლება, რაც ნიშნავს, რომ ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა შალვა შავგულიძის და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიების მიმართ,“- განაცხადა ბარამიძემ.
ipn.ge