ჰომეროსის პოემები - გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის

31 May 2019 20:02

ბერძნული მწერლობის ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ძეგლია ჰომეროსის პოემები. ნაწარმოებები მუდამ იზიდავდნენ კაცობრიობის ყურადღებას, ძველი ბერძნები „ილიადასა“და „ოდისეაში“ ხედავდნენ თავისი წარსულის აღწერას და მასშივე პოულობდნენ მომავლის განმტკიცების საშუალებას. შესაბამისად, საინტერესოა ვინ იყო ჰომეროსი და რამ განაპირობა მისი პოემების პოპულარობა ყველა ეპოქაში?


ჰომეროსის სამშობლოდ მრავალი ქალაქი მიიჩნევდა თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შვიდი ქალაქი: სმირნა, კოლოფონი, ქიოსი, არგოსი, არგოსი, ათენი, სალამინი და დიოსი. მისი ცხოვრების თარიღად მიიჩნევენ სხვადასხვა დროს: ძვ.წ. XII, XI, X და IX საუკუნეებს. ჰეროდოტე ამბობდა: „ჩემი აზრით ჰესიოდე და ჰომეროსი ჩემზე უფროსნი არიან ოთხასი წლით და არა მეტითა“. გამოდის რომ ჰომეროსი ცხოვ რობდა ძვ.წ. IX საუკუნეში, რადგან ჰეროდოტე მოღვაწეობდა ძვ.წ. V საუკუნეში.


ჰომეროსის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ძველ დროშიც არსებობდა. იგი ითვლებოდა არამხოლოდ „ილიადასა“ და „ოდისეას", არამედ სხვა პოემების ავტორადაც. ძვ.წ. VII საუკუნის პოეტი კალიანე ჰომეროსს თვლიდა კიკლიკური პოემის „თებაიდის“ ავტორად. მას მიაწერდნენ აგრეთვე სხვა კიკლიკურ პოემებსაც: კიპრიებს, ეპიგონებს და სხვა. ჰომეროსს მიიჩნევდნენ, აგრეთვე, კომიკური პოემის „მარგიტეს“ ავტორადაც.


III-I საუკუნეებში, ალექსანდრიაში, ჰომეროსის სალიტერატურო მემკვიდრეობის გარშემო დაიწყო კრიტიკული კვლევა. ალექსანდრიელმა მეცნიერებმა ქსენონმა და ჰელანიკემ წამოაყენეს „გათიშვის თეორია“ და ამტკიცებდნენ, რომ „ილიადა“ და „ოდისეა“ ორი სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებია. ეს თეორია ბევრისთვის მიუღებელი დარჩა და  და საბოლოოდ, დამკვიდრდა აზრი, რომ ჰომეროსი ორივე პოემის ავტორია. ეს აზრი გაბატონებული იყო XVII საუკუნემდე, სანამ ამ საკითხის შესახებ ახალი თეორიები არ გაჩნდა.


1795 წელს გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ავგუსტ ვოლფმა წამოაყენა თეორია, რომლის თანახმადაც, არც „ოდისეა“ და არც „ილიადა“ არ წარმოადგენდნენ ერთი პოეტის ნაწარმოებებს. მისი აზრით, ისინი ცალკეული სიმღერების სახით გაჩნდნენ პირველად, შემდეგ ერთ კრებულად ჩამოაყალიბა VI საუკუნეში პისისტრატეს მიერ შექმნილმა სწავლულ კაცთა კომისიამ. ვოლფის ამ თეორიამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ევროპაში, სადაც განმტკიცებული იყო აზრი, რომ ბერძნული ლიტერატურა იწყობოდა ძვ.წ. IX საუკუნიდან, რომ პირველი პოეტი იყო ჰომეროსი. ვოლფი კი ორივე თეორიას უარყოფდა. აღშფოთება ვოლფის თეორიის გამო სხვა გარემოებითაც აიხსნება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარი ის ხანაა, როდესაც ინგლისის სამრეწეველო გადატრიალების დროიდან განვითარებულმა ევროპის მრეწველობამ ფართო ბაზრების ძებნა დაიწყო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ევროპის მრეწველებს ესაჭიროებოდათ ევროპიდან აზიისაკენ თავისუფალი სავაჭრო გზა, ხოლო გზა ჩაკეტილი ჰქონდა თურქეთს, რომელიც ამ დროს ფლობდა მთელ ბალკანეთის ნახევარკუნძულს და მცირე აზიას, ამიტომ ევროპაში წარმოებდა დიდი სააგიტაციო მუშაობა თურქეთის წინააღმდეგ. ამ სააგიტაციო მუშაობაში ევროპელები იყენებდნენ საბერძნეთის საკითხს და ერთ-ერთი თემა აგიტაციისა იყო შემდეგი: ევროპის კულტურის აკვანია საბერძნეთი, რომელმაც ადრინდელი დროიდანვე საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა დარგს; მან შექმნა უდიდესი კულტურა, რომელთაგანაც განვითარდა კულტურა; მან მისცა კაცობრიობას ძვ.წ. IX საუკუნის პოეტი ჰომეროსი, რომელიც გახდა საფუძველი ბერძნული ლიტერატურის განვითარებისა; საბერძნეთი დღეს(XVIII საუკუნეში) გაქელილია „ურჯულო“ თურქების მიერ; საჭიროა გავათავისუფლოთ საბერძნეთი.


ევროპელების სააგიტაციო მუშაობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. ევროპის მეცნიერები გაიყვნენ ორ ნაკადად: მეცნიერთა ერთი ნაწილი ვოლფის თეორიას უჭერდა მხარს (ვოლფერები), ხოლო მეორე ნაწილი იცავდა ჰომეროსის პოემების ერთ ავტორობას (უნიტარიები). ორივე თეორიის წარმომადგენლები მეცნიერული პაექრობის დროს კვლევა-ძიებით მოპოვებული აღმოჩენების წყალობით, გავლენას ახდენდნენ ერთმანეთზე. მაგ: უნიტარიები მანამდე ლაპარაკობდნენ ჰომეროსის, როგორც „ილიადას“ და „ოდისეას“ პირველ შემქმნელზე, თუმცა, ახლა  დაუშვეს ცალკეული სიმღერების არსებობა. ნიცშემ წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვით ჰომეროსმა გამოიყენა სიმღერები ტროადის შესახებ და შექმნა „აქილევსის რისხვის პოემა“და „ოდისეა“. დღეს იმდენად შესწავლილია ორივე პოემა, რომ არავის ეპარება ეჭვი ამ პოემების ინდივიდუალურ პოეტურ კონცეფციაში, რადგან ამ პოემებს ახასიათებს პოეტური ერთიანობა, მთლიანობა, ერთიანი მხატვრული კონცეფცია. დღეისათვის ვოლფის თეორიას აღარ ჰყავს მიმდევრები.


ჰომეროსის პოემების ენა წარმოადგენს იონურ დიალექტს, რომელშიც შერეულია საკმაო რაოდენობის ეოლიზმი. ჰომეროსის პოემების ენაში უძველესი ფორმების ეოლიზმების არსებობა დასტურდება იმით, რომ იმ ძველ იონურ დიალექტში, რომელიც ავტორის მშობლიური დიალექტი იყო, ეოლიზმები ახასიათებდა ბუნებრივ სალაპარაკო, ხალხურ ენას. ამრიგად, ჰომეროსის პოემების ენა წარმოადგენს ძველ იონურ დიალექტს, რომელსაც ახასიათებდა ეოლიზმები. ჰომეროსის მიერ შექმნილი ეპიკური ენის და სტილის დამახასიათებელია პოემებში ნახმარი ეპითეტები და შედარებები. ჰომეროსის ყოველ გმირს და ყოველ ღვთაებას აქვს განსაკუთრებული ეპითეტი, ზოგჯერ ისინი მხოლოდ ეპითეტებითაც მოიხსენიება, მაგ: აქილევსი-ფეხმარდია, ოდისევსი-ცბიერი და მოხერხებული, ნესტორი-ტკბილმოუბარი, ტროადელი ქალები-გრძელწამოსასხამებიანები, ზევსი-ელვამტყორცნელი, ჰერასი-ხარისთვალება და თეთრიდაყვა, ათენა-ბუსთვალება და სხვა. ეპითეტები მიკუთვნებული ჰქონდათ არა მარტო გმირებს და ღმერთებს, არამედ საგნებსაც: ზღვა-უსაზღვრო, ხან იისფერი, ხან ღვინისფერი, ღვინო თაფლივით ტკბილია, სიზმარი თაფლივითაა და სხვა. ამ ეპიკურ სტილს ახასიათებს შედარებები და მეტაფორები მაგ: იერიში შედარებულია გრიგალს, ზღვა-ხალხს, მეფე და სარდალი-მთასან კლდეს.


ჰომეროსის პოემები დაწერილია იმ საზომით, რომელსაც დიაქტილური ჰეგზამეტრი ეწოდება. ეს არის ექვსი მუხლისგან შედგენილი ტაეპი. თითოეული მუხლი შედგება სამი მარცვლისაგან: ერთი გრძელი მარცვლისაგან და ორი მოკლე მარცვლისაგან. ბერძნული ლექსთწყობა ემყარება ხმოვნის ოდენობას ე.ი. ბერძნული ლექსის რიტმს ქმნის გრძელი და მოკლე მარცვლების გარკვეული თანმიმდევრობა. ყოველი გრძელი მარცვალი მუსიკალური ოდენობით უდრის ორ მოკლე მარცვალს, ხოლო ორი მოკლე მარცვალი შეიძლება შეიცვალოს ერთი გრძელი მარცვლით. ბერძნული დაქტილური ჰეგზამეტრის საწყისების საკითხს, თვით ბერძნული ეპოსების წარმოშობის საკითხსაც ვერ დავაშორებთ თვით პირველი ბერძნული ეპოსის წარმოშობის საკითხსაც.


პირველი ბერძნული ეპიკური ნაწარმოები ამუშავებს თესალიელი გმირის აქილევსის თავგადასავლის თემას, აქილევსი კი, როგორც ჩანს ბერძნული გმირი კი არა არის, არამედ წინაბერძნული მოსახლეობის ერთ-ერთი ხელმძაღვანელთაგანია, ამიტომაც საგულისხმოა, რომ თქმულება მის შესახებ წინაბერძნული მოსახლეობის მიერ არის შექმნილი. ჰომეროსის სახელით ჩვენამდე მოღწეულია აგრეთვე ჰიმნების კრებული. ეს ჰიმნები იმღერებოდა რელიგიის დღესასწაულებზე, იყო ღმერთებისადმი მიძღვნილი, რომლის საპატივცემულოდაც იმართებოდა ეს დღესასწაულები. ჰიმნი შედგებოდა სამი ნაწილისაგან:


 I - შესავალი, რომელშიც ავტორი იძლეოდა ღვთაებების სიდიადის ზოგად სურათს;


II - შუა ნაწილი,სადაც მოთხრობილი იყო რომელიმე ღვთაების თავგადასავლის ეპიზოდი;


III -დასკვნითი ნაწილი,სადაც ავტორი ვედრებით მიმართავდა მუზებთან ღვთაებას და თავის თავს მოაგონებდა.


ამ ჰიმნების ავტორები არ იყვნენ ცნობილნი, თუმცა ხალხმა ჰიმნების ავტორად მიიჩნია ჰომეროსი, რადგან ჰიმნების ეპითეტები და მეტაფორები და საერთო ზომა და რიტმი ძლიერ ენათესავებოდა ჰომეროსის პოემებში გამოყენებულ მხატრულ ხერხებს. დღეს კი აღიარებულია რომ ე.წ. ჰომეროსის ჰიმნები არ ეკუთვნის ჰომეროსს და შექმნილია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში.


ტროადის გარშემო წარმოებული ბრძოლების შესახებ მრავალი თქმულება-სიმღერა შეიქმნა ბერძენ ხალხში, ხოლო ამ სიმღერათა საფუძველზე ცალკეულმა ავტორებმა შეთხზეს პოემები, სადაც ასახულია ბრძოლების ესა თუ ის ეპიზოდები. ჰომეროსის "ილიადაში“ ტროადას ომის მეათე წელს მომხდარი ამბებია აღწერილი, ხოლო „ოდისეაში“ ომის ერთ-ერთი გმირის თავგადასავალი შინ დაბრუნების დროს. პოემა „ეთიოპიადა“ მოგვითხრობდა ტროადას ომის იმ ეპიზოდებს, რომლებიც უშუალოდ მოსდევდა ილიადაში გადმოცემულია ამბებს, ხოლო პოემაში ,,ილიონის დამხობა“ გადმოცემულია აქაველთა მზადება ილიონის ასაღებად. ეს პოემები ავსებენ ,,ილიადას“ დაკრავდნენ რკალს იმ ამბებისა, რომლებიც ტროადის ომს შეეხებოდა. ასეთ პოემებს ბერძნებმა უწოდეს კიკლიკური პოემები.


არსებობდა მეორე რკალის ციკლის პოემები-ე.წ ,,თებეს ციკლისპოემები“. ამ პოემებში ასახული იყო ის ბრძოლები, რომლებიც წარმოებდა ქალაქ თებეს გარშემო თებეს ასაღებად. ცნობილი იყო ამ ციკლის 3 მთავარი პოემა:


I - ,,ოდიპოდია“


II - ,,თებაიდა“


III - ,,ეპიგონები“


ძველი ბერძნები ჰომეროსს მიაწერდნენ ამ კიკლიკურ პოემებს, როგორც ტროადის, ისე თებეს ციკლის პოემებსაც. მაგრამ კრიტიკამ ამ საკითხის მიმართ გაჩნდა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში და გაწმინდა ნიადაგი ამ დებულების ნათელსაყოფად, რომლებიც დღეს მკვეთრად არის გაბატონებული მეცნიერებაში. „ილიადასა“ და „ოდისეის“ ავტორს არ შეიძლება ახასიათებდეს კიკლიკური პოემები, რადგან ამ ნაწარმოებს ახასიათებს მტკიცე ერთიანი კომპოზიცია, ხოლო კიკლიკური პოემები მოკლებულია შინაგან იდეურ კავშირს და ერთიან პოეტურ კონტექსტს. „ჰომეროსმა თავისი თქმებითა და ამბებით ყველას გადააჭარბა“ - ამბობდა არისტოტელე თავის წიგნში, სადაც აჯამებს შეხედულებას მოცელულ ეპოსზე და მიიჩნევს ისეთ ნაწარმოებად, რომელიც საუკეთესოდ განახორციელებენ ეპოქისთვის სავალდებულო ძირითად მოთხოვნებს.


ჰომეროსის პოემებში აღწერილი ვაჟკაცური საქმეები მუდამ იყო გზის მაჩვენებელი მომავალი თაობებისთვის. ჰომეროსის პოემების მნიშვნელობა გასცდა საბერძნეთის საზღვრებს: გავრცელებული იყო, როგორც დასავლეთში ისე აღმოსავლეთში. მათი თარგმანები ადრიდანვე გაჩნდა. რომში ის ძვ.წ. III საუკუნეში ითარგმნა ლივიუს ანდრონიკეს მიერ. შუა საუკუნეებში დასავლეთის ქვეყნები ჰომეროსს იცნობდნენ „ილიადათი“, ხოლო კლასიკურ ეპოქაში „გერგოლიუსის ენეიდით“. ჰომეროსის პოემები 1715 წელს გამოვიდა ინგლისური თარგმანით, 1781-1793 წლებში გერმანულით,  ხოლო 1787 წელს რუსულით. ეს პოემები სხვა ევროპულ ენებზეც ითარგმნა. ჰომეროსის პოემებს იცნობდა ძველი ქართული მწერლობაც. VIII საუკუნის სასწავლო წიგნში, სადაც საუბარია ბერძნული ანბანის შესახებ მოცემულ ნაწარმოებებზე ლაპარაკია, როგორც ქართველებისთვის კარგად ნაცნობ პოებზე. XI-XII საუკუნის ქართველი მწერლები, პოეტები ჰომეროსს იმდენად კარგად იცნობენ, რომ მასალასში შედარებისთვის ხშირად იყენებენ მისი პოემებიდან. მათი სახელები ხშირად იხსენიება შავთელის, ჩახრუხაძის ეფრემ მცირის, ოიანე პეტრიწის და სხვათა თხზულებებში. ჰომეროსის თარგმნა მეცხრამეტე საუკუნეში პოეტმა მამია გურიელმა, რომელმაც 1890 წელს დაბეჭდა „ილიადას“ სიმღერა. პირველივე სიმღერა 1901 წელს დაბეჭდა პ. მირიანაშვილმა სათაურით „ჰომეროსის თქმული აქელანი“.


ჰომეროსის ამ ორმა პოემამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ლიტერატურას. არც მანამდე და არც მას შემდეგ, მთელი ეპოქების განმავლობაში, ადამიანის გონებას არ შეუქმნია ისეთი ლიტერატურული ძეგლი, რომელიც სრულიად გასაგები (სხვა საქმეა მოწონება-არმოწონება, გემოვნებაზე არ დაობენ) იქნებოდა ყველა „მიმართულების“ მკითხველისათვის. თანამედროვე ლიტერატურის ფუძემდებლად" რომ მოვიხსენიეთ ჰომეროსი, ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი იქნებ ესეც იყოს: ანტიკურ ლიტერატურაში - მითები იქნება ეს თუ "ავტორიანი ნაწარმოებები", არასოდეს ყოფილა ასე გამოყოფილი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები საერთო ამბიდან, იქ, როგორც წესი, იწყება დაბადებიდან და მთავრდება სიკვდილით. თანამედროვე რომანში კი თავიდანვე შემოდის პერსონაჟი, "უჩვენოდ მომხდარი" წარსულის ამბებით და წიგნის დამთავრების შემდეგაც, ისევ "დამოუკიდებლად" განაგრძობს ცხოვრებას - სწორედ ამ "უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის წინა პლანზე წამოწევას" მიიჩნევენ ლიტერატურის ისტორიკოსები ჰომეროსის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციად.


ეს არის ის მცირე ინფორმაცია საკითხის ირგვლივ. ჰომეროსის ეპოსები ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი წყაროა, ყოველივე ამას კი, ზემოთ აღნიშნულიც ადასტურებს.




წყარო: ყაუხჩიშვილი ს. "ანტიკური ლიტერატურის ისტორია"

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი