პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35 პროცენტით რომ შემცირდა და ქვეყანა უკან რომ მიდის, ამაზე პასუხისმგებლობა თუ იღებთ?“ - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პრემიერს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა. დეპუტატებისთვის მამუკა ბახტაძის პასუხები დამაკმაყოფილებელი არ იყო.
პრემიერმა ვალების განულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ მიიყვანა აქამდე.
სერგი კაპანაძემ პრემიერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით მის კითხვას პასუხი არ გასცა. მისი თქმით, მან ბახტაძეს იმის ჩამოთვლა არ სთხოვა, თუ ვინ რა რეზოლუცია მიიღო.
„კითხვა იყო ასეთი რატომ არ შეიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს. ფირზე ჩანს ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც დაფარვის გამო, მათ მიმართ ბრალი შეიძლება ყოფილიყო წაყენებული, არ არიან შეყვანილი სიაში. კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით რუსული ბაზის ხელმძღვანელობიდან არცერთი ადამიანი არ არის შეყვანილი სიაში, მათ მიმართ ბრალი არ არის წაყენებული. რატომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სიის შექმნიდან დღემდე არ არის შეყვანილი რუსეთი ფედერაციის მოქალაქეები, საოკუპაციო რეჟიმის მსახურები და წევრები ამ სიაში. არ მინდა სადღეგრძელო, რომ ამერიკელებმა რეზოლუცია მიიღეს, ძალიან კარგია,“ - განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძის კითხვაზე პასუხად მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნულ იდენტობას მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
„გპასუხობთ, რომ ორგანოები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. უახლოეს მომავალში არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მათ შორის, იმ ეპიზოდზე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მოხდება ამ სიის გაფართოება,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიგა ბოკერიამ კი "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დასვა კითხვა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ბრძოლა თიბისის ხელმძღვანელებს.
„მოხდა შეტევა მათ ვებ გვერდზე და იციან საიდან და შსს არ იძიებს. მერე პროკურატურამ უპრეცენდენტო რამ ჩაიდინა, ბრალიც არ აქვს არავის წაყენებული და დიდი პიარით გაასაჯაროვა, რომ ფულის გათეთრებას ვიძიებთო, ანუ ფინანსური ჯგუფი დააზარალა. ეს შემიფასეთ, არის თუ არა ეს მავნებლობა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია კი პრემიერმა პოლიტიკური სპეკულაციაში დაადანაშაულა.
„ყველაზე ობიექტური შემფასებელი ვინ იქნება იცით, ბატონო გიგა, არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამას, ან სხვა დამცველი ამ საკითხების, ობიექტური შემფასებელი არის თიბისი ბანკის აქციების ფასი,“ - განაცხადა ბახტაძემ.